ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პირველ რიგში, ეს მიხეილ სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობაა” – ნოღაიდელი დავით გარეჯის საქმეზე

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია პასუხისმგებელი – ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

მისი თქმით, პასუხისმგებელმა პირებმა ზუსტად იცოდნენ, რომ სხვა არგუმენტი არ არსებობდა.

„იმედი მქონდა და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დეტალურად იყო განხილული უშუალო პასუხისმგებელი პირების მიერ და მათ ზუსტად იცოდნენ, რომ სხვა დოკუმენტი, რუკა თუ არგუმენტი, არ არსებობდა. პირველ რიგში, ეს მიხეილ სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობაა. ისევე, როგორც დღესაც ვარ პასუხისმგებელი ყველა იმ ეკონომიკურ დოკუმენტზე, რომელიც 2005 – 2007 წლებში განხილულა სადმე, დღესაც და 13 წლის მერეც, წინასაარჩევნოდ და ამის მერეც, ყველა წარდგენილ დოკუმენტზე ვარ ჩემი თავით და კისრით პასუხისმგებელი, ისევე უნდა იყვნენ სხვა მონაწილეები პასუხისმგებელი თავიანთ გადაწყვეტილებებზე, თავიანთი პასუხისმგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე. სხვანაირად არ ხდება. ეს საკითხი უნდა გაირკვეს ნამდვილად – ვინ არის პასუხისმგებელი პოლიტიკურად, ვინ არის პასუხისმგებელი, რომ არსებობდა დამატებითი დოკუმენტური არგუმენტები და ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ” – განაცხადა ნოღაიდელმა.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს.

ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....