დუდანა ბერიძე დის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, 55 წლის შორენა ბერიძე მომატებული ტემპერატურით და შაქრით, გართულებული სუნთქვის სიმპტომებით ბათუმის ცხელების ცენტრში შეიყვანეს, იქიდან კი, სასტუმროში გადაიყვანეს. დუდანა ბერიძის ინფორმაციით, მისი და მას შემდეგ გადაიყვანეს ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
„კიდევ ერთი ლამაზი სულის, სათნო, მეგობრული, კარგი პედაგოგი დააკლდა ქალაქს, ბენზეს. ეს ქალი ჩემი დაა, 55 წლის შორენა ბერიძე. მოკლედ, მის შესახებ, 4 ოქტომბერს 37.5 სიცხით, გართულებული სუნთქვით და მომატებული შაქრით შეიყვანეს ბათუმის ინფექციურში, იმავე ცხელების ცენტრში, საიდანაც მცირე პროცედურების შემდეგ გადაიყვანეს სასტუმროში, მალე დამძიმდა მდგომარეობა და კვლავ დაჭირდა სასწრაფოს გამოძახება, რომელმაც გარკვეული დროის შემდეგ გადაიყვანა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, იქ ექიმებს ძალისხმევა არ დაუკლიათ, მაგრამ გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
და მე მრჩება კითხვა: ასეთ მძიმე პაციენტს რა უნდოდა სასტუმროში? სად გავარკვიო სამართალი? იქნებ ამ გადაყვანა-გადმოყვანაში დრო დაიხარჯა ფუჭად, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო შორენასთვის? გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი, ეგებ სხვა გადარჩეს და არ მოხვდეს არაპროფესიონალთა ჭაობში. მე მეტი რა დამრჩენია, ვილოცო უდროოდ დაღუპული დის სულისთვის…” – წერს გარდაცვლილის და.
დღეს, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი, 55 წლის შორენა ბერიძე, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, 37.5 ტემპერატურის და სუნთქვის გაძნელების მიუხედავად, კლინიკის ნაცვლად სასტუმროში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა 24 საათში კიდევ უფრო დამძიმდა, მეორე დღეს კი შორენა ბერიძე გარდაიცვალა.