დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო განცახადებას აკეთებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საელჩო აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არაკორექტულად მიიჩნევს.
“აზერბაიჯანული მხარე არ მიიჩნევს თავს უფლებამოსილად, კომენტარი გააკეთოს იურიდიულ პროცესზე, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს უბრალოდ არაკორექტული იქნებოდა.
ამავდროულად, აზერბაიჯანული მხარის პოზიცია, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დავით გარეჯს უკავშირდება, უკვე გამოხატულია როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, ისე საკმაოდ მოკლე, კონკრეტულ და გასაგებ ტექსტში, რომელიც საგარეო საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწეს ეკუთვნის“, – განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო, 8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.