ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ურთმელიძემ შექმნა ინსტიტუცია და მიანიჭა მას უფლება-მოვალეობები”

დროებითი მმართველის ინსტიტუტი, რომელსაც იურისტები არ იცნობენ

ტელეკომპანია“ რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ სამართლებრივ პროცესებზე და ზოგადად, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები,  „მეტრონომი“ იურისტ იაგო ხვიჩიას ესაუბრა.

„ჩვენ გვიწევს იმ პროცესების შეფასება, რომელიც რეალურად არ არის სამართლებრივი, ეს პოლიტიკური პროცესია და ამის შეფასება სამართლებრივ ჭრილში გარკვეულ უხერხულობას ქმნის. ზოგადად, კანონში წერია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს. კანონის პირდაპირი მოთხოვნით, რეესტრი ვალდებული იყო შეესრულებინა  სასამართლოს გადაწყვეტილება. აქ უფრო მნიშვნელოვანია როგორი იყო სასამართლოს აღნიშნული  გადაწყვეტილება.  ეს გადაწყვეტილება არ იყო „ჩვეულებრივი“  სამართლებრივი გადაწყვეტილება. მაგალითად, ჩვეულებრივი  სამართლებრივი გადაწყვეტილებების დროს, სასამართლომ არ უნდა გამოიგონოს ახალი ინსტიტუტი, როგორიც არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად დროებითი მმართველის დანიშვნა. ეს არის ცალსახად უკანონო გადაწყვეტილება. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ჩამონათვალი, რომელზედაც თვითონ  სასამართლო აკეთებს გადამისამართებას,  298 -ე მუხლი, სადაც არის ჩამონათვალი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები. დროებითი მმართველის დანიშვნაზე იქ საუბარი არ არის, უფრო მეტიც მე შემიძლია გითხრათ, რომ დროებითი მმართველის ინსტიტუტი ქართულ საკანონმდებლო სივრცეში არ არსებობს. ეს გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე წარმოადგენს მოსამართლის ფანტაზიის ნაყოფს. ურთმელიძემ შექმნა ინსტიტუცია და მიანიჭა მას გაურკვეველი უფლება-მოვალეობები, ანუ ჩვენც ვიცით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეფუძვნებოდეს კანონს, ყველაფერი რაც წერია სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან. მათ შორის ის უფლება-მოვალეობებიც, რომელიც ექნება ვინმე დროებით მმართველს. კანონში დროებით მმართველზე არაფერი წერია.“

„მეტრონომი“ : ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის არ დატოვებს შენობას. როგორ ფიქრობთ როგორ განვითარდება მოვლენები? ამ შემთხვევაში როგორია სამართლებრივი პროცედურები სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ?

– „ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, სადაც სამართლის გამოყენებით შეიძლება  მოხდეს ყოველგვარი უკანონობის დაკანონება. სამართლის ჩარჩოებიდან გასულები ვართ და შესაბამისად, ნიკა გვარამიაც რომ გავიდეს ფორმალური სამართლებრივი ჩარჩოებიდან და უარი თქვას კომპანიის დატოვებაზე, ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ.“

 

მარიამ ვარადაშვილი

 

იტვირთბა....