ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ეს იყო ბომბი, რომელიც უნდა აეფეთქებინათ არჩევნების წინ” – ივერი მელაშვილის მეუღლე

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე მიიჩნევს, რომ ივერი მელაშვილისა და მისი კოლეგის, ნატალია ილიჩოვას დაკავება მოქმედი ხელისუფლების ინტერესში შედის და საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.

„ეს იყო ბომბი, რომელსაც აფეთქებდნენ და უნდა აეფეთქებინათ არჩევნების წინ ერთი კვირით ადრე. გაჟღერდებოდა, რომ თურმე ” ნაციონალური მოძრაობის” დროს საქართველოს მიწების ვიღაცისთვის გადაცემის მცდელობა იყო, ისინი თუ მოვლენ მიწებს გაგიყიდიან და ჩვენ “ფრთიანი ანგელოზები” ვართ, ხმა მოგვეცით, რომ საქართველო დავიცვათო – ეს იყო მაგათი კოზირი, მაგრამ ვინაიდან ისინი შეეხნენ წესიერ და აპოლიტიკურ ადამიანებს და მოღალატედ გამოიყვანეს, ჩემმა მეუღლემ ამხელა სიბინძურე ვერ მოითმინა და თქვა, რომ მსგავსს ადგილი არ აქვს. ამით, მათ დადგმულ სპექტაკლს ხელი შეუშალა, რომელსაც წელიწადნახევარია ამზადებდნენ. ამით, ფაქტობრივად, თავისდაუნებურად ამათთან დაპირისპირება გამოვიდა”, – განაცხადა სულაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის წინ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერ აქცია მიმდინარეობს.

აღნიშნული აქცია მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ არის ორგანიზებული,  სადაც ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე იმყოფება. ასევე, აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ცნობისთვის,  ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვს საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენბთ, რომ აღნიშნულ პირებს გამოძიება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედევება.

ასევე, პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ამასთან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ინფორმაციისთვის, დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

იტვირთბა....