საქართველოს პარლამენტის წინ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერ აქცია მიმდინარეობს.
აღნიშნული აქცია მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ არის ორგანიზებული, სადაც ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე იმყოფება. ასევე, აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
“რესპუბლიკური პარტიის” წევრის დავით ბერძენიშვილის თქმით, მელაშვილი და ილიჩოვა დავით გარეჯის საქმეზე უდანაშაულოდ არიან დაკავებულები.
“ჩვენი საზოგადოების სირცხვილია, როცა ორი უდანაშაულო, ღვაწლმოსილი ადამიანი საარჩევნო ამოცანების გამო ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ დააპატიმრა. გარდა იმისა, რომ სირცხვილია, უკიდურესად სახიფათოა ჩვენს პარტნიორ აზერბაიჯანთან ტერიტორიული პრეტენზიის წარდგენა. ეს რომ ტერიტორიული პრეტენზიაა და არა რაიმე სხვა, რომ 3 500 ჰექტარი აზერბაიჯანს მოღალატურად გადასცა ამ კომისიამ და ამიტომ დავაპატიმრეთ მისი ხელმძღვანელი და კიდევ ერთი წევრიო – ეს არის სრულიად მკაფიო და ეს არ არის მხოლოდ შიდა მოხმარების საგანი“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
ამასთან, აქციის მონაწილები აცხადებენ, რომ მელაშვილი და ილიჩოვას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და ისინი კარტოგრაფების დაკავების საქმეში რუსულ კვალს ხედავენ.