თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება. ამის შესახებ Report.ge-ს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს. როგორც მერიაში აღნიშნეს, მგზავრებისთვის დაწესებული რეგულაციები კვლავ ძალაშია და მათ დაცვას შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებენ.
“ტრასპორტის გადაადგილების მიმართულებით, რაიმე შეზღუდვის ან კონტროლის გამკაცრების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლს, რეგულაციები იგივეა, აუცილებელია პირბადის ტარდება, ავტობუსებში მძღოლის სივრცე იზოლირებულია.
მეტროში ამ რეგულაციებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ, ავტობუსებში კი კონტროლიორები, ასევე მძღოლს აქვს უფლება ავტობუსი არ დაძრას თუ მგზავრს პირბადე არ უკეთია. რეგულაციების დარღვევის რიცხვებში გამოსახული სტატისტიკა არ გვაქვს, რადგან დარღვევეის აღმოფხვრა ადგილზე, მყისიერად ხდება” – განაცხადეს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
ცნობისათვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 318 პაციენტი. გარდაიცვალა 3 პაციენტი.
შეგახსენებთ, საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა 29 მაისს განაახლა. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, მზავრებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა პირბადის ტარება, ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცველებს მოქალაქის 20 ლარის ოდენობით დაჯარიმება შეუძლიათ.