ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არჩევნებში გამარჯვება სათუო რომ არ გამხდარიყო, ვინმე შეიტყობდა იმ 3 500 ჰექტარის დაკარგვას?” – ზურაბ გურული

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული, დავით გარეჯის საკთხზე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

გურული აღნიშნული პოსტით ახალგაზრდა თაობას მიმართავს.

“დიდად არ წავსულვართ წინ კიტოვანის და ლანჩავას სამხედრო გენიის შემდეგ, როცა გლობუსით და სკოლის გეოგრაფიის კაბინეტში ჩამოკიდებული ნახევარსფეროების რუკებით გეგმავდნენ ბრძოლებს აფხაზეთში და ახლა ეს ყველაფერი დაბრალდება სასაზღვრო დეპარტამენტის ორ “განტევების ვაცს”.
წარმოგიდგენიათ სხვა სფეროებში რა ხდება?

თუნდაც ჯანდაცვაში?

“სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს.”

3500 ჰექტარი ფართობიო. და რამდენი ჰექტარი იკარგება და დაიკარგება საოკუპაციო ხაზებთან, ამაზე როდის გაკეთდება გამოძიება, 2024-ში, 28-ში თუ ?…

გარეჯის უდაბნოში ეკლესია რომ არ მდგარიყო, ან არჩევნებში გამარჯვება სათუო რომ არ გამხდარიყო, ვინმე შეიტყობდა იმ 3 500 ჰექტარის დაკარგვას?

ვინ დაითვლის ეკონომიკურ ზარალს, რომელიც ქვეყანას მიადგა გაუმართლებელი “ლოქდაუნებით”?
პანდემიის მართვაზე როცა ვსაუბრობთ, გვესმის კი რას ნიშნავს სიტყვა “მართვა”?

რატომ ავარდა მძიმედ დაინფიცირებულთა რიცხვი? იმიტომ რომ უაზრო იზოლაციებით, ვირუსზე ფანტასმაგორიული გამარჯვებებით და სიფრთხილის ორმაგი სტანდარტებით გაბეზრებულმა საზოგადოებამ სრულიად უგულებელჰყო ელემენტარული ჰიგიენური წესები. იმედია ვაქცინა დროულად მოგვისწრებს, თორემ არჩევნების შემდეგ ისევ უმკაცრესი და უაზრო ჩაკეტვების გარდა რაიმე ეფექტური თავდაცვის ღონისძიება გვაქვს? ვისწავლეთ რამე? გავაანალიზეთ?

ვინ იქნება მაგ სფეროს ის “ორიოდე საცოდავი გაშვების თხა” ვისაც დაბრალდება ლარის გაბანძების, ეკონომიკური კატასტროფისა და უამრავი ადამიანის შიმშილითა და ავადმყოფობებით სასიკვდილოდ გაწირვის ცოდვა?

მოიძებნება ვინმე, ვიცით.

რა უცნაური პარადოქსია ისე, ამ პაწია ქვეყანას რამხელა ინტელექტუალური პოტენციალი აქვს და ვინ მართავს …
ვინ მიუძღვის ბრძოლაში … ვის ჰქვია მინისტრი და გენერალი.
და საიდან მოდის ეს ყველაფერი იცით?
“პოლიტიკაში რომ არ ერევიან” – აი იმ ფარისევლებისაგან.
ჩემს თაობას მაინც არაფერი ეშველება და ყველა სფეროს ახალგაზრდა ქართველ პროფესიონალებს მსურს ვუთხრა:

– ნუ შეგრცხვებათ პოლიტიკასთან ასოცირების. პოლიტიკა იმ წესებისა და კანონების კრებულია, რომლებითაც თქვენ და თქვენმა საყვარელმა ადამიანებმა უნდა იცხოვროთ და თუ თქვენ ამ უფლებას სულელებს დაუთმობთ, რაც არ უნდა ჭკვიანები იყოთ, მაინც სულელურად მოგიწევთ ცხოვრება ჩვენსავით!” – წერს გურული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....