დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამას სამართლებრივ პროცესთან საერთო არაფერი აქვს.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებტან განაცხადა, რაც შეეხება სამართლებრივ ბრალს, ეს გულისხმობს სახელმწიფოს ტერიტორიების გამოყოფისკენ მიმართულ ქმედებას, რასაც არ მოყოლია რაიმე ტერიტორიის გადაცემა, ან დაკარგვა.
“მიგვაჩნია, რომ ბრალდება არის აბსურდული, რადგან ამ სფეროს მეცნიერები და პროფესიონალები მათი შეხედულებისამებრ ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლებიც ოფიციალური შეთანხმების ნაწილი იყო სახელმწიფოებს შორის და ის რუკები, რომელთაც მათ ედავებიან, რომ ეხელმძღვანელათ, მათთვის იყო არასანდო და ასეთ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ არ უნდა დაყრდნობოდნენ. საკმაოდ ბუნდოვანი ბრალდება იყო პროკურატურის მხრიდან, ზუსტად რომელი ტერიტორიების ნაწილზე ედავებიან, რომ შეიძლება დაკარგულიყო, ეს ცალსახად პროკურატურის განცხადებიდან არ იკვეთება.
ბატონი ივერი მელაშვილისთვის ეს ბრალდება არის პოლიტიკური პროცესებისთვის თანმდევი შედეგი და პროფესიონალები, რომლებიც თავის საქმეს ასრულებდნენ პირნათლად 1994 წლიდან და ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული, ამას ადასტურებს მათ შორის მოქმედი ელჩის განცხადება,”- აცხადებს ადვოკატი.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურას საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებები აქვს.
“დაკავების განჩინებიდან ამოვიკითხე, რომ მოწმეებად სასულიერო პირები ჰყავთ, რომლებიც თითქოსდა, ესწრებოდნენ გარკვეულ შეხვედრებს და ჰქონდათ ექსპერტული ცოდნა, რომ მათ გაარჩიეს, რომელი რუკების გამოყენებას ჰქონდა ადგილი და რომელს – არა. აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ ბრალდებულები, თუმცა, ალტერნატივის სახით განვიხილავთ გირაოსაც“, – განაცხადა მარიკაშვილმა.
მისივე შეფასებით, “დღევანდელი მოვლენები და ზოგადად, ეს პროცესი მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე სამართლებრივ პროცესს.”
ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.