„დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა – მიჩუმდეს“ – განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელმა “რუსთავი 2” -ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„მეტრონომი“ აშშ -ს ელჩის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია რუსთავი 2 -ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით, შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა – მიჩუმდეს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას .მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რაც ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას“. – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ურთმელიძის განჩინებით „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა. ტელეკომპანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი ხელმძღვანელი რევაზ საყევარიშვილი და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი მეპატრონე დავით დვალი დაინიშნენ.