ყარაბაღის ომში დაიღუპა ერთი ინგილო ქართველი, ხოლო 3 ინგილო ქართველი მძიმედ დაიჭრა – ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი, საინგილოს მკვლევარი, სერგი კერესელიძე, ავრცელებს .
მისივე თქმით, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია აზერბაიჯანში ომამდე ჯერ კიდევ მინიმუმ 1 კვირით ადრე დაიწყო.
“2 ოქტომბერს ყარაბაღის ომში დაიღუპა ინგილო ქართველი, ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის 19 წლის მკვიდრი, ისმაილ ირაპოვი, ხოლო 3 ინგილო ქართველი მძიმედ დაიჭრა.
მართალია, საომარი მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 27 სექტემბერს დაიწყო, თუმცა, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია აზერბაიჯანში ომამდე ჯერ კიდევ მინიმუმ 1 კვირით ადრე დაიწყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაახლოებით, 19-20 სექტემბერს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადიდან და სოფელ მოსულიდან 7 ავტობუსით ინგილო ქართველები დისლოკაციის ადგილას გადაიყვანეს.
ომის დაწყების შემდეგ, კახის რაიონიდან 28 მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველი ომში გაიწვიეს”,- წერს კერესელიძე.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.