ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რატომ ნაციონალური მოძრაობა?” – ბუბა კიკაბიძის განმარტება

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მისი გამოყენება შეუძლიათ მოლაპარაკებებში, რადგან მას სიტყვა ეთქმის რუსეთშიც, უკრაინაშიც, აზერბაიჯანშიც, სომხეთსა და ყაზახეთშიც.

როგორც კიკაბიძემ აღნიშნა, იქ იქნება ჩართული იმაში, რომ ქვეყანაში გაჭირვება აღმოიფხვრას.

„ჩვენ ყველანი წამსვლელები ვართ. ყველას თავის დრო მოუვა და დაუძახებს უფალი. ადამიანი, რომ წავა, მერე შვილთაშვილებს მისი წინაპრის სახლისა და გვარის ხსენება არ უნდა შერცხვეს. შვილიშვილებს როგორ უნდა შეხედო თვალებში, თუ რაღაც წილი არ შეიტანე სამშობლოს კეთილდღეობისთვის. მე პოლიტიკაში არ მივდივარ, არ ვარ პოლიტიკოსი.

ერთი რამ ვიცი, ვიქნები ჩართული იმაში, რომ გაჭირვება აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში. მე არავისი წინააღმდეგი არ ვარ, მოვედი გაერთიანებული ოპოზიციით. მე მიყვარს შალვა ნათელაშვილი, კარგად ვიცნობ. პატივს ვცემ ხაზარაძეს.

დათო უსუფაშვილს არ ვიცნობდი და ერთხელ ქუჩაში შემხვდა და ჩავეხუტე. იმიტომ, რომ ჭკვიანი კაცია, მიყვარს განათლებული ხალხი. გიგი უგულავას მშვენივრად ვიცნობ, გიგა ბოკერიასაც და დავით ბაქრაძესაც, ერთ-ერთ უწესიერეს კაცს.

რატომ ნაციონალებთან?! იმიტომ, რომ მე და მიშა მეგობრები ვართ. მე მაგის ტოლი შვილიშვილი მყავს, მაგრამ ვმეგობრობთ. მე მიყვარს განათლებული და ჭკვიანი ხალხი. მე ვინც ჩამოვთვალე, ეგენი თუ ერთად დაჯდებიან, შეიძლება მეც მივიდე და მოვუსმინო.

რაღაცას თუ მათქმევინებენ, ვიტყვი ჩემს აზრს. თუ საინტერესო იქნება ალბათ მიიღებენ. ეს არის კოალიცია. არ შეიძლება ბატონობა. ბიძინა ივანიშვილი ბატონია, სააკაშვილს რომ აგინებდნენ, მიშაო იძახოდნენ, ივანიშვილს კი ბატონი ბიძინათი მოიხსენიებენ.

პოლიტიკოსები ძალიან ცოტაა მსოფლიოში, თითზე ჩამოთვლა შეიძლება. მიშას ღმერთისგან აქვს ეს ნიჭი. ვიცი მე მაგის აზროვნება. ყოველთვის ხდება, როცა დიდ პოლიტიკოსებსაც მოსდით შეცდომა. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, მიშა დიდი პოლიტიკოსია.

მაშინ როცა მიშა იყო, მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა ჩვენს პატარა ქვეყანაზე. მიშას დროს ამაყად გავდიოდით მაინც.

ვფიქრობდი, რომ 20 ივნისს პარლამენტთან მივსულიყავი, მაგრამ შეიძლება იქიდან ვეღარ დავბრუნებულიყავი, არ ვარ ჯანმრთელი კაცი. მე იქ გულით და სულით ვიყავი. მრცხვენოდა რაც იქ ხდებოდა.

ახალგაზრდებს თვალები რომ დათხარეს, ვიღაცამ ხომ გასცა ბრძანება?! გავრილოვი, რომ დავინახე პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი…

მე რუსეთში მოღვაწეობაზე დიდი ხნის წინ ვთქვი უარი. ეს რომ არ გამეკეთებინა ჩემი შვილიშვილების შემრცხვებოდა. არ შეიძლება კაცი, რომ გირტყამს, იმასთან ჩახვიდე და იმღერო.

თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ეს მთავრობა წავიდა, მე შეუძლიათ გამომიყენონ მხოლოდ შეხვედრების დროს. სიტყვა მეთქმის რუსეთშიც, უკრაინაშიც, აზერბაიჯანშიც, სასომხეთსა და ყაზახეთშიც.

არ ვიცი რითა დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მაწუხებს ახალგაზრდა თაობის ბედი. მიგდებულია ახალგაზრდობა, სამუშაოები არ აქვთ. რაიონებში ხომ საერთოდ საშინელება ხდება.“ – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

იტვირთბა....