ჩერგოლეიშვილი: “სასამართლო გავაფრთხილე, ხშირად მოუწევს ჩემი ნახვა”
“ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ გაიზიარა სახალხო დამცველის პოზიცია, რომ განათების სვეტი არ შედის იმ ჩამონათვალში, სადაც პოსტერის გაკვრა სამართალდარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, ჩერგოლეიშვილის ქმედება მოსამართლემ სამართალდარღვევად მიიჩნია. მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ, თამარ ჩერგოლეიშვილი და კიდევ პირი ხარაჩოზე “ფლაერის” გაკვრის გამო დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს.
“სამართალდამრღვევად გამომაცხადეს. სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. ჯარიმა არ დამაკისრეს.“ – ჩერგოლეიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ პოსტის შემდეგ,“მეტრონომი“ მას დაუკავშირდა.
“მეტრონომი”: “სამართალდამრღვევად გამომაცხადეს, სიტყვიერი გაფრთხილება მომცეს” – ქალბატონო თამარ, ეს ის ძველი ამბავია თუ კიდევ მოხდა რამე?
თამარ ჩერგოლეიშვილი: რა ძველი და ახალი ქალბატონო, მე დამაკავეს, 16 ოქტომბერს პოსტერის გაკვრის გამო, გარე განათების სვეტზე. თუ ჩახედავთ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 144-ე მუხლის საფუძველზე.
150-ე მუხლი არ კრძალავს ბანერის გარეგანათების სვეტზე გაკვრას არცერთ შემთხევაში. ამის მიუხედავად, მაინც გამომაცხადეს სამართალდამრღვევად, იმიტომ, რომ ჩვენი ადმინისტრაციული კოდექსი არის ბუნდოვანი. ნუ, სასამართლო ასე მიიჩნიეს. რაც ეხება “გაზპრომს”, ვაპროტესტები “გაზპრომისა” და საქართველოს ხელისუფლებას შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს და ამას მოყვა ეს ყველაფერი.
“მეტრონომი”: წავიკითხე თქვენი პოსტი და მაინტერესებს, ივანიშვილის კარიკატურის პერიოდულად გაკვრას აპირებთ, თან გააფრთხილეთ მოსამართლე, რომ თქვენი ნახვა ხშირად მოუწევს. ეს უფრო თქვენი პირადი პროტესტია თუ… (წინადადება არ დაასრულებინა რესპონდენტმა ჟურნალისტს)
თამარ ჩერგოლეიშვილი: ქალბატონო საიდან ხართ, ვერ ვხვდები, რეებს მეკითხებით არაფერი გსმენიათ, არც მიტინგის, არც საპროტესტო აქციის, “გაზპრომის” შესახებ, საერთოდ არ ადევნებთ მოვლენებს თვალს?
ნუკი მჭედლიშვილი
რედაქციისგან: პირველ რიგში, მკითხველი თავად მიხვდება, რამდენად ლეგიტიმური და ადეკვატური იყო ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა. ჩვენი ამოცანა იყო და არის კოლეგების მხარდაჭერა, მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე სასამართლო პროცესს ეხება. იმედს ვიტოვებთ, მომავალში, კონკრეტულად “ტაბულასთან” ურთიერთობების დასარეგულირებელი რაიმე სპეციფიკური ნორმატიული აქტი-კონტრაქტის გაფორმება არ დაგვჭირდება, რითაც ვიხელმძღვანელებდით ხოლმე მათთან დაკონტაქტების დროს.