საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ბიომრავალფეროვნების სამიტზე სიტყვით გამოვიდა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს მიმართა.
როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ბუნების დღევანდელი სახიფათო დეგრადაცია უპრეცედენტოა.
“ჩვენ, პლანეტარული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით.
ბუნების დღევანდელი სახიფათო დეგრადაცია უპრეცედენტოა.
ძვირფასო კოლეგებო,სწორედ ახლაა დრო, ხელახლა დავფიქრდეთ იმ მომავალზე, რომელიც ჩვენი პლანეტისათვის გვსურს სამი ძირითადი მიმართულებით.
პირველ რიგში, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინტეგრირება მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული თუ ხელისუფლება, კერძო სექტორი და საზოგადოების თითოეული ნაწილი მასში მონაწილეობას მიიღებს.
განათლების როლი ამ შემთხვევაში უდიდესია. ჩვენ მომავალ თაობას უნდა ვასწავლოთ, რომ ჩვენი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ჩვენი საერთო მისიაა.
მეორე – ჯანმრთელი გარემო საჭიროა არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებისათვის, არამედ ანალოგიურად ადამიანთა კეთილდღეობისთვისაც. მრავალი ფუნდამენტური კავშირი არსებობს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნების ჯანმრთელობას შორის და ბიომრავალფეროვნების მეინსტრიმინგმა ასეთი კავშირები უნდა აღმოაჩინოს. ეს შესაძლოა დაგვეხმაროს, რომ უკეთ ვიყოთ მომზადებულები პოტენციური მომავალი პანდემიებისთვის და გამოვიყენოთ „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპი ყველასათვის.
ბოლოს, ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური პოტენციალის წამოწევა: ჩვენ ინტეგრირებული მომავლისაკენ უნდა მივისწრაფოდეთ, სადაც ბიომრავალფეროვნებისგან მიღებული ეკონომიკური სიკეთე განვითარების შედეგებში აისახება. ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ მიერ ბიომრავალფეროვნებისათვის გაღებული დანახარჯები ფუჭი არაა. ეს მეტად მდგრად ეკონომიკასა და უფრო ჯანსაღ მომავალში ჩადებული ინვესტიციაა.
მხოლოდ ეფექტიანი სინერგიის მექანიზმით შეგვიძლია ტრაექტორია შევუცვალოთ ბიომრავალფეროვნების კარგვას. COVID-19-ს პანდემია ძლიერი მანიშნებელია იმისა, რომ სწორედ ახლაა მოქმედების დრო”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

