„საქართველო მზადაა, ფედერაციული მოწყობის საკითხი განიხილოს, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება.“ – ამის შესახებ განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.
„ჩვენ გვინდა, შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონსტიტუციის ფარგლებში მივაღწიოთ მათი როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო უფლებების დაცვას. საქართველო მზად არის, განიხილოს და ჩვენ გვაქვს კიდევაც გარვეული ხედვები, მოსაზრებები, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება“. – ამბობს ზაქარეიშვილი.
ამ საკითხზე „მეტრონომი“ დაუკავშირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სერგო რატიანს.
„2007 წელს, ჩვენმა მთავრობამ ზუსტად 2008 წლის მოვლენების წინ შესთავაზა აფხაზებს მოეძებნათ სახელმწიფო მოწყობაში ყველაზე უფრო ფართო ავტონომიის სქემა, რაზეც დაელეპარაკებოდა საქართველოს ხელისუფლება და ამის საპასუხოდ, ჩვენ მივიღეთ ომი. ჩვენ უნდა ვეცადოთ ფართო ავტონომიის შექმნას, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ რუსებს აინტერესებს არა აფხაზეთის მოწყობა, არამედ ომი საქართველოში“ – ამბობს რატიანი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს ფედერალიზაცია, განსხვავებით უნიტარული სახელმწიფოსგან, გულისხმობს სახელმწიფოში პოლიტიკური ავტონომიის მქონე კვაზისახელმწიფოებრივი (თითქმის სახელმწიფოებრივი) წარმონაქმნების, ანუ ფედერაციის სუბიექტების არსებობას. ასეთ სახელმწიფოებში სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთეულებს, ამ შემთხვევაში ფედერაციის სუბიექტებს გააჩნიათ სახელმწიფოებრიობის ძირითადი ელემენტები, რაც გამოიხატება: საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ასევე სახელმწიფო აპარატის, ფინანსური დამოუკიდებლობის (ბიუჯეტი), საკუთარი კანონმდებლობის (კონსტიტუცია და სხვა) არსებობით ცენტრის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად.