ყარაბაღის კონფლიქტი და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო დაპირისპირება “დიდი თავის ტკივილი” პირველ რიგში საქართველოსთვის, შემდეგ კი მთელი კავკასიის რეგიონისთვის იქცა. ანალიტიკოსთა წრეებში უკვე “ყველაზე ცუდ სცენარზე” საუბრობენ, რაც ამ კონფლიქტში რუსეთისა და თურქეთის ჩარევას გულისხმობს. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ დაპირისპირებაში მეზობელი სახელმწიფოების ჩართვა საქართველოსთვის ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იქნება. თანაც, არც იმას გამორიცხავენ, რომ აღნიშნულმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე იქონიოს გავლენა და არჩევნები პრაქტიკულად ჩაიშალოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებზე გავლენის მოხდენა არსებული მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული, რამაც არა მხოლოდ საქართველოს, შესაძლოა მთელ რეგიონს შეუცვალოს დღის წესრიგი.
“პროგნოზის გაკეთება მარტივი არ არის. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე. ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, ჩვენს მეზობლად შეიძლება ისეთი დაპირიპირება წარმოიშვას, თანაც ისეთ ძალებს შორის, რომ ბევრი რამ შეცვალოს, მათ შორის ჩვენი დღის წესრიგიც.
თუ საქართველოს პოლიტიკა იქნება მოზომილი და ისეთი, როგორიც დღემდე იყო, ამან არამგონია, რომ შიდა პოლიტიკურ განწყობებზე იმოქმედოს, თუმცა, ძალიან ფხიზელი თვალი სჭირდება ჩვენი ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი თანამოქალაქეების ცხოვრებასა და ურთიერთდამოკიდებულებას. ეს პრობლემა ჩვენ გვქონდა 90-იანების დასაწყისში, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო და ცხელ ფაზაში იყო შესული. ახლაც აქვთ თავიანთ თანამემამულეებთან სიმპათიის და სოლიდარობის განწყობა და ამან შეიძლება წარმოშვას სირთულეები, რასაც სჭირდება ყურადღება და თვალყურისდევნება” – თქვა მენაღარიშვილმა.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი კონფლიქტში რუსეთი და თურქეთი ჩაერთვებიან, დაპირიპირების ერთგვარ არენად შესაძლოა საქართველოც იქცეს.
“სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთდაპირისპირება ძალიან არასასიამოვნო მოვლენაა, მაგრამ ალბათ მასშტაბით სულ სხვა იქნება თუკი საომარ კონფრონტაციაში თურქეთი და რუსეთი ჩაერთვებიან. მაშინ რეალურად ეს ამ ხალხებისთვის იქნება ტრაგედია და ძალიან დიდი თავის ტკივილი საქართველოსთვის, რადგან დაპირისპირების არენა შეიძლება ნაწილობრივ ჩვენი ტერიტორიაც გახდეს, რაც დაუშვებელია” – განაცხადა მან.
“მეტრონომის” კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებს შორის დაპირისპირების დაწყება, მენაღარიშვილმა თქვა, რომ მსგავსი რამ არც გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარა და არც დღეს არის მოსალოდნელი, თუმცა, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე ძალა მათ წაქეზებას და ვითარების დაძაბვას ეცდება, ამას სახელმწიფოს მხრიდან მყისიერი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
“ასეთი რამ არ მომხდარა არც 90-იანი წლების დასაწყისში, მაშინ, როდესაც ის ძალა, რომელიც სამწუხაროდ ინსპირატორი იყო ამ პრობლემის. მაშინ ჩვენთან სამხედრო ბაზები იყო განლაგებული და მათი გავლენა მოსახლეობაზე იყო ბევრად უფრო სერიოზული. იმედი მაქვს, არც ახლა არ მოხდება მსგავსი რამ, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცის გახურებულმა თავმა, ასეთი იდეა წარმოშვას. ამ შემთხვევაში მას სჭირდება რეაგირება, როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან” – განაცხადა “მეტრონომთან” ირაკლი მენაღარიშვილმა.
ცნობისათვის, ყარაბაღის კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა, – ამ დროისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სამხედრო შეტაკებების შედეგად არის მსხვერპლი.
თამარ შუკვანი