იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთი და თურქეთი ჩაერთვებიან, სერიოზული საფრთხის წინაშე არა მხოლოდ საქართველო, მთელი რეგიონი ექცევა. ამის შესახებ “მეტრონომთან” საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებლი, ექსპერტი კორნელი კაკაჩია საუბრობს. კაკაჩია არ გამორიცხავს, რომ იარაღის ტრანზიტისთვის რუსეთმა საქართველოს დერეფნის როლის შესრულება მოსთხოვონ, რაზეც ჩვენმა სახელმწიფომ კატეგორიული უარი უნდა უთხრას. მისი თქმით, მსგავსი გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში, საქართველოს დაუპირისპირდება როგორც მეზობელი სახელმწიფოები, მთელი კავკასიის რეგიონი.
ყარაბაღის კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა, – ამ დროისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სამხედრო შეტაკებების შედეგად არის მსხვერპლი.
ამასთან, როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, საქართველომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს An-124-100 სატრანსპორტო თვითმფრინავს, რომელიც სომხეთის მიმართულებით მიფრინავდა, საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. მედიის ცნობით, აღნიშნულ თვითმფრინავს საბრძოლო იარაღი სომხეთში გადაჰქონდა.
“როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს An-124-100 სატრანსპორტო თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა, მას საქართველოს თავზე ფრენის საშუალება არ მისცეს და უთხრეს – „არა”.
შედეგად, თვითმფრინავმა შეიცვალა მიმართულება და დაბრუნდა სამხედრო აეროდრომზე, საიდანაც აფრინდა” – წერს აზერბაიჯანული გამოცემა.
კორნელი კაკაჩია თვლის, რომ საქართველომ მხარე არ უნდა დაიჭიროს, რადგან ეს ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის უკიდურესად დაძაბავს. იგი იმედოვნებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტში ჩართვას რუსეთისა და თურქეთის ლიდერები არ მოისურვებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული სცენარი მთელი რეგიონისთვის სავალალოდ შეიცვლება.
“საქართველოს პოზიცია არის ძალიან სწორი, რადგან ჩვენ უნდა ვიყოთ ნეიტრალური უახლოეს მეზობლებთან დაკავშირებით. აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – ჩვენი ურთიერთობები არის ძალიან ახლო. თუმცა ასევე, არ შეგვიძლია ანგარიში არ გავუწიოთ მეორე მეზობელ ქვეყანას, – სომხეთს. ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია, საქართველო არ ჩაერიოს ამ კონფლიქტში. როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს რუსეთის მხრიდან. იარაღის ტრანზიტთან დაკავშირებით, საქართველომ კატეგორიული უარი უნდა თქვას და არ დაუშვას არავითარი გამონაკლისი, რადგან თუ ერთხელ დაიშვება ეს გამონაკლისი, ამას მოჰყვება ურთიერთობის დაძაბვა აბსოლუტურად ყველა მხარესთან. ამან შეიძლება გაამწვავოს ჩვენი ურთიერთობა, როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტშიც.
იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა და რუსეთი ამ კონფლიქტში არ ჩაერევა. თუ ყველაზე ცუდ ვარიანტს დავუშვებთ, საქართველო ამისთვისაც მზად უნდა იყოს. საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას საქართველოს ტერიტორიის “კორიდორად” გამოყენება. თუკი თურქეთი და რუსეთი ჩაერია ამ ომში, ეს იქნება არა რეგიონალური, არამედ საერთაშორისო დონის პრობლემა. მხოლოდ საქართველო ვერაფერს შეძლებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ეს სცენარი შესაძლო დამუშავებული იყოს ჩვენს პარტნიორებთან, რომ რუსეთმა იცოდეს თავიდანვე, ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, მას მაღალი ფასის გადახდა მოუწევს.
ჩვენი მხრიდან ნებისმიერი ჩარევა, თუნდაც განცხადებები, არამგონია გონივრული იყოს. თუ გვინდა ნეიტრალურობა შევინარჩუნოთ, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეების მხრიდან არ იყოს ზედმეტი აქტიურობა. ეს ეხება არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ ეთნიკურ უმცირესობებს, როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხური წარმოშობის. ბოლო პერიოდში რამდენიმე მათგანი გააქტიურდა, მათ შორის პარლამენტარი. აქეთ უნდა იყოს მთელი ძალისხმევა მიმართული, რომ ამ კონფლიქტში ჩვენი მოქალაქეების ჩართვა არ მოხდეს” – განაცხადა კაკაჩიამ “მეტრონომთან.”
თამარ შუკვანი