ახალი ამბები მთავარი სამართალი ჩვენი სტატიები

“პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ ბევრ ჯალათს ვამხელ”- ალექსანდრე კობაიძე პენიტენციურ სამსახურს პასუხობს

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე მის წინააღმდეგ სპეციალურ პენიტენციური სამსახურის მიერ მომზადებულ საჩივარს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის N8 დაწესებულების დირექტორის, ნოდარ ქინქლაძის ბრალეულობის დასამტკიცებლად სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ალექსანდრე კობაიძემ “მეტრონომთან ისაუბრა.

კობაიძე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრელებულ ინფორმაციას, თითქოს ადვოკატი ორჯერ მიიწვიეს ბრალდების დამამტკიცებელი ფაქტების წარსადგენად, მაგრამ არ გამოცხადდა, სიცრუეს უწოდებს.

ადვოკატის ინფორმაციით, მონიტორინგის სამსახუირიდან მას მხოლოდ ერთხელ დაუკავშირდნენ, ხოლო პენიტენციური დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არაადამიანურად მოპყრობის ფაქტებს სახალხო დამცველის ოქმიც ადასტურებს.

“ორჯერ არავის დაურეკავს, დამირეკეს ერთხელ მონიტორინგის სამსახურიდან. მონიტორინგის სამსახური კი ქინქლაძისნაირებს სამართლებრივად უნდა უზღუდავდეს უფლებამოსილებას და ასეთ ადამიანებს ციხეში სვამდეს, მაგრამ პირიქით ხდება. რეალურად, მონიტორინგის სამსახური ლეღვის ფოთლად ეფარება ქინქლაძეს და არაა ორიენტირებული, მუშაობდეს იმისთვის, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინოს. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა არაა მოწოდების სიმაღლეზე და აღნიშნულ საქმეს ვერ გამოიძიებს, ჩვენ ვაპირებთ, სტრასტურგის სასამართლოს მივმართოთ,”- აცხადებს კობახიძე.

კობაიძე კონკრეტული პატიმრის მდგომარეობაზეც საუბრობს, რომელსაც დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობი დაემუქრა. ადვოკატმა “მეტრონომს” სახალხო დამცველის მიერ შედგენილი ოქმიც მიაწოდა, სადაც წერია, რომ პატიმარს სხეულზე დაზიანებები და წამების ნიშნები აღენიშნება.

“სახალხი დამცველმაც შეადგინა ოქმი, სადაც წერია ცალსახად, რომ პატიმარს აღენიშნებოდა ხელებზე ხელბორკილების ნაიარევი და მუხლებზე ნაიარევი. ასევე, პატიმრის განმარტებით მან მიიღო ეს დაზიანებები, როდესაც ბოძზე ჩამოკიდეს ხელბორკილებით,”- აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ამასთან, კობაიძე ამბობს, რომ ციხეებში პატიმრების არაადამიანურ მოპყრობის უამრავ ფაქტს აქვს ადგილი და ის პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ ბევრ ჯალათს ამხელს.

შეგახსენებთ, N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა დაწეებულების დირექტორი გაუპატიურების დაუქრებაში ადანაშაულებენ.  ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, ციხის უფროსი ნოდარ ქინქლაძე მსჯავრდებულებს გაუპატიურებით დაემუქრა, რასაც კამათი მოჰყვა, ხოლო სიტუაციის განსამუხტად მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვენები გადაისერა.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა სპეციალურ პენიტენციური სამსახური, რომელმაც დაწესებულების დირექტორის მიმართ არსებულ ბრალდებას ცილისმწამებლური უწოდა, ხოლო, ალექსანდრე კობაიძეს  ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უჩივლა.

თათია შაიშმელაშვილი

იტვირთბა....