სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უფლებადამცველ ალექსანდრე კობაიძეს უჩივლა.
საქმე N8 დაწესებულების დირექტორის მიმართ გავრცელებულ ბრალდებას ეხება, რომელიც პატიმრებისთვის სექსუალურად ძალადობით მუქარას გულისხმობს. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ციხის დირექტორს მტკიცებით ფორმაში ადანაშაულებს.
პენიტენციური სამსახური კომისას სთხოვს, შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ალექსანდრე კობაიძის ქმედებებთან დაკავშირებით.
„სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა საჩივრით, რომლითაც ის ითხოვს ეთიკის კომისიამ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ქმედებებთან დაკავშირებით.
კერძოდ, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რამდენიმე ტელეარხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის საპროტესტო აქციის შესახებ. ადვოკატი მტკიცებით ფორმაში საუბრობდა მსჯავრდებულთა მიმართ გაუპატიურებით დამუქრებაზე N8 დაწესებულების დირექტორის მხრიდან.
პენიტენციური სამსახურის მიერ ადვოკატთა ასოციაციისათვის გაგზავნილ საჩივარში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება, ადვოკატი კობაიძე ორჯერ იქნა მიწვეული ფაქტების ან ინფორმაციის წარსადგენად მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაზეც მან უარი განაცხადა,”- ნათქვამია განცხადებაში.
პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზაობას, ადვოკატთა ასოციაციის დაინტერესების შემთხვევაში, სრულად ითანამშრომლოს მასთან და მიაწოდოს სრულფასოვანი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებთან, რომელშიც ადვოკატი კობაიძე არის ჩართული.
“ასევე საჩივარში აღნიშნულია, რომ საეჭვოდ და პრობლემატურად გამოიყურება ამ ქმედებებში ალექსანდრე კობაიძის დიდი მონდომება პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციისთვის.
ალექსანდრე კობაიძე არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა. როგორც ჩანს, ამ მიზნით ალექსანდრე კობაიძე არ ერიდება არც ტყუილს და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით არაკეთილსინდისიერ მანიპულირებას,”- ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოცემული ქმედებები ნამდვილად არ შეუწყობს ხელს საზოგადოებაში ადვოკატის პროფესიის რეპუტაციისა და ადვოკატთა კორპუსის ავტორიტეტის ზრდას.
შეგახსენებთ, N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა დაწეებულების დირექტორი გაუპატიურების დაუქრებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, ციხის უფროსი ნოდარ ქინქლაძე მსჯავრდებულებს გაუპატიურებით დაემუქრა, რასაც კამათი მოჰყვა, ხოლო სიტუაციის განსამუხტად მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვენები გადაისერა.