გლდანის სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების პატიმრები ციხის უფროსს გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს. ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, ციხის უფროსი ნოდარ ქინქლაძე ერთერთ მსჯავრდებულს გაუპატიურებით დაემუქრა, რასაც კამათი მოჰყვა, ხოლო სიტუაციის განსამუხტად მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვენები გადაისერა.
ალექსანდრე კობაიძის თქმით, ციხის უფროსთან კამათი ჩაის გამო დაიწყო. მისივე განცხადებით, ქინქლაძემ პატიმრებს უთხრა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი მფარველობდნენ და ვერავინ ვერაფერს დააკლებდა. კობაიძის თქმით, ოჯახის ახლობლები უახლოეს დღეებში საპატიმროსთან აქციის ჩატარებას გეგმავენ და ციხის უფროსის დასჯას მოითხოვენ.
“პატიმარმა ქინქლაძეს უთხრა, სხვებს უკეთესი ჩაი მისდით და იქნებ ჩვენც ანალოგიურად მოგვიტანოთო. ქინქლაძე ნასვამი იყო და პატიმარს გაუპატიურებით დაემუქრა – რა ჩაის მოტანა გინდა, შენ ხომ არ გინდა გიხმაროო და ამას მოჰყვა შელაპარაკება. შემდეგ პატიმარი კარცერში გადაიყვანეს, ხოლო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გადაისერა ვენები, რათა განემუხტა სიტუაცია და მისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ”, – განაცხადა კობაიძემ.