ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში შექმნილი ეპიდვითარება ცალსახად არის გამოწვეული ზაფხულის არდადეგების ეფექტით, როდესაც საზოგადოებამ დაივიწყა პირბადის გამოყენება, წესების დაცვა და უფრო თავისუფალი სოციალური აქტივობები იმართებოდა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები არ იყენებდნენ პირბადეებს და სწორედ ამიტომ შეეხო ახალი აკრძალვა აჭარაში საზოაგადოებრივ ტრანსპორტს.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას ჯანდაცვის სისტემის მზაობა წარმოადგენს და ამ მიმართულებით მთელი ზაფხულის განმავლობაში სერიოზული მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა. აჭარაში უკვე გადავედით შემთხვევების აქტიური მართვის ახალ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს შემთხვევების მართვას როგორც ჰოსპიტალში, ასევე მის გარეთ. 600-მდე ჰოსპიტალური საწოლია აჭარაში მობილიზებული და ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ 80-100 საწოლი ყოველთვის თავისუფალი იყოს, რათა მძიმე შემთხვევების სწრაფ ჰოსპიტალიზაციის საშუალება გვქონდეს. ასევე უკვე მოქმედებს კოვიდ-საწოლები სასტუმროებში, სადაც გადადიან პაციენტები, რომლებსაც არ სჭირდებათ მკურნალობა. ასევე მოქმედებს ინოვაციური მეთოდი, როდესაც 300-მდე პაციენტს ოჯახის ექიმები ბინაზე მეთვალყურეობენ. აჭარაში შექმნილი ეპიდვითარება ცალსახად არის გამოწვეული ზაფხულის არდადეგების ეფექტით, როდესაც დავივიწყეთ პირბადის გამოყენება, წესების დაცვა და უფრო თავისუფალი სოციალური აქტივობები იმართებოდა ამ პერიოდში. ასევე ყველა ხედავს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც არ ხდებოდა პირბადეების გამოყენება ისე, როგორც საჭიროა და სწორედ ამიტომ შეეხო ახალი შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს. სამომავლოდაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, რადგან მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის ძალისხმევით ეპიდემიას ვერ გავაკონტროლებთ, თუ არ იქნება მონაწილეობა საზოგადოების მხრიდან. დღეს მეცნიერებისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვირუსის წინააღმდეგ მუშაობს პირბადე, ფიზიკური დისტანცირება და ხელის ჰიგიენა. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ის, რაც ვიცით, რომ ეფექტურია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.