გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი განმარტებას აკეთებს, მისი ტელეფონის კონტაქტებში აღმოჩენილ ნომრის შესახებ, რომელიც საქმის პროკურორის განცხადებით, “ყარაბაღად” არის ჩაწერილი.
“კონტაქტებს ხან რას ვარქმევ, ხან რას, გააჩნია, რა მომივა აზრად” – ამბობს რამიშვილი.
როგორც ადვოკატია აცხადებს, ის სატელეფონო კონტაქტებს სხვადასხვა სახელს ხშირად არქმევს. რამიშვილი ადასტურებს, რომ შესაძლოა, ტელეფონში ნამდვილად იყოს ჩაწერილი ვინმე “ყარაბაღად”. ამის შესახებ Report-ს განცხადა.
,,რაც უნდა ის უთქვამს პროკურორს. დავით ფურცხვანიძის კონტაქტი “სატელიტებად” მაქვს ჩაწერილი ტელეფონში. ისე, ხან რას დავარქმევ, ხან რას. ეგ რასაც წერდა, ხან ყარაბაღზე წერდა და რომ წავიკითხე ამის შემდეგ იყო. “სატელიტადაც” მქონდა ერთი ნომერი ჩაწერილი და “ყარაბაღადაც” მქონდა. ეგ წერდა კორუფციაზეც და სხვა ტელეფონში “კორუფციადაც” მეწერა” – განუცხადა მიხეილ რამიშვილმა.
პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, “რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ამსახველი საუბრები და ასევე ის ფოტოსურათები, რომელიც გამოძიებაში წარმოგვიდგინა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მონტაჟის შედეგად არის მიღებული, შეიცავს ცრუ ინფორმაციას და ყალბი.”
ცნობისთვის, დღეს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სასამართლოში დაიკითხება. გამოძიებას კითხვები რამიშვილის ტელეფონიდან ამოღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აქვს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.