გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.
ადვოკატები მოსამართლე ეკატერინე გულუას გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის მიხედვითაც დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობა მოხდა.
„სასამართლომ დაუშვებლად ცნო არაერთი მტკიცებულება, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტები. იგივე ეხება დათვალიერების საგამოძიებო მოქმედებებს და ასევე უარი გვითხრა ბრალდებულების გამოკითხვაზე“, – განაცხადეს გაგნიძის ადვოკატებმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული. მათგან 12-ს გამოძიება ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით პატიმრობაში მყოფი 5 პირის წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ხვალ, 21 სექტემბერს არის ჩანიშნული.