სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
“ივანიშვილის ბლიცკრიგი ვეღარ შედგება, ბრძოლა გრძელდება. ის რაც იგეგმებოდა, უკანონო სასამართლო გადაწყვეტილება და შემდეგ დაუყოვნებლივ შესვლა ტელეკომპანიაში, ვეღარ განხორციელდება. იქნებ ახლა მაინც მიხვდეს ზოგიერთი, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ორგანიზებას და დროის მოგებას ბოლო კვირების განმავლობაში.” – ასეთ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ “რუსთავი-2”-ისსარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ.
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმამ შესაძლოა გამოიწვიოს კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკონსტიტუციო სასამართლოს რუსთავი 2-მა სარჩელით 26 ოქტომბერს მიმართა. სამაუწყებლო კომპანიის იურისტები გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების ნორმის ხარვეზებზე მიუთითებდნენ და იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც შესაძლოა, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიყენოს.