ვაშინგტონში, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა დღეს გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას საქართველოს მხრიდან გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კი სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი.
პლენარული სესიის დღის წესრიგი მოიცავს ქარტიის ფარგლებში არსებული ოთხი სამუშაო ჯგუფის საკითხების განხილვას, ესენია: თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატია და მმართველობა, ეკონომიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები, ხალხთაშორისო ურთიერთობები.
სტრატეგიული დიალოგის პლენარულ სესიაში ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასახვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები. სესიაზე მოხდება ოთხივე სფეროს მიმართულებით გაწეული სამუშაოების განხილვა და სამომავლო ამოცანების დასახვა.
შეგახსენებთ, ვიზიტის ფარგლებში ასევე, ვაშინგტონში, გაიმართა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგი. შეხვედრა საქართველოს მხრიდან გახსნა ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ხრიდან კი – სავაჭრო წარმომადგენელმა მაიკლ ფორმანმა. ისინი მიესალმნენ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და გამოთქვეს მზაობა ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში არსებული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას.
სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის ფარგლებში მიღებულ იქნა ორი დეკლარაცია, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ერთიან პრინციპებზე საერთაშორისო ინვესტიციებისა და ასევე საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებით დაწყებული მუშაობა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოთი ამერიკული ბიზნესის დაინტერესებას. მისი ინფორმაციით,
ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს ასევე განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ექსპორტის დივერსიფიკაციას და ვაჭრობის ზრდას. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლობის ვიზიტი საქართველოში, მიმდინარე წლის ნოემბრის მეორე ნახევარში.- ნათქვამია უწყების განცხადებაში.