ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება ჩვენი სტატიები

სკოლების დახურვა საქართველოშიც მძიმე შედეგებს გამოიწვევს: საერთაშორისო ექსპერტები 15-ტრილიონიან ზარალზე საუბრობენ

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შეფასებით, აშშ-ის ეკონომიკა სკოლების დახურვისა და სწავლების დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების გამო, 15 ტრილიონი დოლარის ზარალს განიცდის. ამასთანავე, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სასწავლო პროცესის ონლაინ გაგრძელება გლობალური ეკონომიკის ზრდას 1.5%-ით შეამცირებს.

OECD-ში განმარტავენ, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მოსწავლეებს უნარ-ჩვევები გაუუარესდათ, ეს კი ნეგატიურად აისახება მათ პროდუქტიულობაზე და ტიპურ ქვეყნებში, მშპ-ს 69%-ით შემცირებას გამოიწვევს.

საერთაშორისო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ ეკონომიკური ზარალი იქნება იმის პროპორციული, თუ რამდენად გვიან დაუბრუნდებიან სკოლები სწავლების სტანდარტულ, პირვანდელ მეთოდებს.

იმის დასადგენად, როგორ აისახება ეს გლობალური პრობლემა საქართველოზე, „მეტრონომი“ ესაუბრა ექსპერტს, განათლების საკითხებში, თამარ მოსიაშვილს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ დისტანციური სწავლება, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, არის საგანგებო ვითარებაზე საგანმანათლებლო სისტემის რეაგირება და ასე გაგრძელების შემთხვევაში, განათლების ხარისხი იქნება დაბალი, შედეგები კი აისახება ქვეყნის ეკონომიკაზეც.

მისივე თქმით, მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ განათლებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის არის პირდაპირი ბმა, რომ რაც მეტად განათლებულია ერი, მით მაღალია მისი ეკონომიკური კეთილდღეობა.

„ამაზე უამრავი კვლევაა ჩატარებული. დისტანციური სწავლება არის მცდელობა, რომ სკოლები არ დავხუროთ და სწავლა-სწავლების პროცესი გავაგრძელოთ, ცხადია, ხარისხი იქნება დაბალი, რადგან ეს არ არის ონლაინ-განათლება, ეს ჩვეულებრივი სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გადმოტანაა. ამასთანავე,  მოსწავლეები სხვანაირად სწავლობენ და ვერ ითვისებენ ისეთ უნარებს, როგორიცაა თანამშრომლობა, პროექტების განხორციელება, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, საგნობრივ ცოდნასთან ერთად.  ეს მოსწავლეთა შედეგებშიც გამოჩნდება და სტრატეგიულად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზეც, იმიტომ, რომ თუ მალე არ დამთავრდა დისტანციური სწავლება, ნაკლებად განათლებული ხალხი გვეყოლება, ვიდრე ადრე, თანაც, არც ადრე იყო კარგი სიტუაცია“.- გვითხრა თამარ მოსიაშვილმა.

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების ფონზე, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდ ქალაქებში, 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

თამთა ქარქაშაძე

იტვირთბა....