დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ ნოემბრამდე რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდება მოსალოდნელი არ არის.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, აუცილებელია მოსახლეობამ დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.
“ჩვენთან რესპირატორული დაავადებების, გრიპის სეზონი იწყება ნოემბრის მეორე ნახევრიდან. სხვა გრიპისმაგვარი დაავადებების ცოტა უფრო ადრე, ოქტომბრის ბოლოდან იწყება. ნოემბრამდე არ ველით რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას, თუმცა, ყოველთვის ცუდზე, პესიმისტურ პროგნოზზე ნუ ვისაუბრებთ.
ოპტიმისტურ პროგნოზზეც ვთქვათ ის, რომ ნიღაბს თუ ვატარებთ, დისტანციას დავიცავთ, და ხელის ჰიგიენას, ეს მარტო კორონავირუსიგან კი არა, რესპირატორული ინფექციებისგანაც დაგვიცავს.
ვემზადებით, სეზონი, ალბათ, არ იქნება ადვილი. თუმცა, ძალიან პესიმისტურ პროგნოზსაც ნუ გავაკეთებთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.