პოლიტიკური გაერთანება „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭნაძე გამოეხმაურა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რიცხვის ზრდას. იგი ეპიდემიის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას თაღლითობას უწოდებს. ჭიჭინაძე არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს პროგნოზირებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ციფრები იზრდება და მე მაინტერესებს, სად არის ის ძლევამოსილი მთავრობა, რომელიც მთელი ამ 8 წლის უმთავრეს მიღწევად კოვიდზე გამარჯვებას ასახელებს?! ასევე ძალიან მაინტერესებს რა ფენომენია ეს უსიმტომოები? მზად ვარ ყოველგვარი ნიღბის გარეშე შევიდე იმ სასტუმროში, სადაც უსიმპტომობი არიან განთავსებული, ( რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონებით ფინანსდება!!!) ჩამოვიარო სათითაოდ, დავრჩე კიდეც მთელი დღე და დაველოდო რა სიმპტომები გამოვლინდება.
მოკლედ, თაღლითობას თავი დაანებონ, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება! მითუმეტეს, მთელი ცივილიზებული სამყარო ქუჩაში გამოდის და თავისი კონსტიტუციური უფლებების აღდგენას ითხოვს. ამ ყველაფერს კი ჩვენთან, უმთავრესი ემატება. მთავრობას აღარ აქვს ნდობის რესურსი. რაზეც დგას სახელმწიფო, ის რესურსი „ქართულ ოცნებას“ საერთოდ გამოცლილი აქვს.
პანდემიის პირველი ტალღის დროს ოდნავ სული მოითქვეს და თითქოს წელში გამართვას შეეცადნენ, მაგრამ ეს სულაც არ იყო მათი დამსახურება. ეს იყო ამ ქვეყნის მოქალაქეების და ექიმების დამსახურება და მთავრობას ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მთავრობას რასთანაც კავშირი ქონდა, ეს ეკონომიკაა, რომელიც დღეს სულს ღაფავს. ამიტომ ვამბობ, რომ არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში იქნება როგორც პოლიტიკური, ისე სერიოზული ეკონომიკური კრიზისი და სამწუხაროდ ეს გარდაუვალია…“ – წერს დავით ჭიჭინაძე.
ცნობისათვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა.