ონლაინ კომპანიის Zoom Earth-ის ოფიციალური არხი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოები გაყალბებულია. ამის შესახებ კომპანია სოციალურ ქსელში twitter–ზე წერს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, არსებული სატელიტური ფოტოები რამდენიმე თვის ან ერთი წლის წინ არის გადაღებული.
Zoom Earth-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის ონლაინ აპლიკაცია, რომელიც ამინდის სატელიტურ ფოტოებს პირდაპირ რეჟიმში აჩვენებს და მას რეალურ დროში განახლების ფუნქცია აქვს. კომპანიის განცხადებით, დედამიწის საუკეთესო მაღალი რეზოლუციის საჰაერო ხედები უსწრაფესად მასშტაბირების რუქაზე დაიტანება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამით სწავლობენ შტორმის, ფართომასშტაბიანი ხანძრების, საკუთრების და ა.შ. მიმდინარე ამსახველ სურათებს .
Zoom Earth-ი მანამდე ცნობილი იყო, როგორც Flash Earth-ი.
„სქრინშოთი გაყალბებულია ტოტალურად. რეალურ დროში მყოფი გამოსახულებები ხელმისაწვდომია მხოლოდ მასშტაბის დაბალ დონეზე, სადაც ჩანს ქალაქები, ღრუბლები. შენობების და მანქანების გამოსახულება თვეების ან წლების წინ არის გადაღებული” – წერს Zoom Earth-ის ოფიციალური არხი.
ცნობისათვის, 8 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში მიხეილ რამიშვილმა სატელიტური ფოტოები გაასაჯაროვა. როგორც მან განმარტა, ბაჩალიაშვილის კუთვნილი მანქანა არ იდგა თეთრიწყაროს ტყესთან მანამდე, სანამ მას სამართალდამცველები მიაგნებდნენ.
მიხეილ რამიშვილი 9 სექტემბერს პროკურატურაში დაიბარეს, რათა მას წყარო დაესახელებინა, რომელმაც გრაფიკული მასალა მიაწოდა, რაზეც რამიშვილმა უარი განაცხადა. ის ამტკიცებდა, რომ მის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს თანამგზავრიდან 2020 წლის 19 ივლისს გადაღებული სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვნეს.