ახალი ამბები მთავარი

“ჩვენ შოკში ვართ…”

ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართეს

ევროპარლამენტარები ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს – “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესს და ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე ბოლოდროინდელ თავდასხმებს ეხმაურებიან.

ევროპარლამენტარების ღია წერილი მისი ერთ-ერთი ხელმომწერის, მიხალ ბონის გვერდზე გავრცელდა. ხელისმომწერთა განცხადებით, მიმდინარე პროცესები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას საფრთხეს უქმნის.

“ვიაზრებთ რა საქართველოს, როგორც ასოცირებული პარტნიორის მნიშვნელობას და მხარს ვუჭერთ იმ პროგრესს, რომელსაც მან ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირებული ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში მიაღწია, ჩვენ, ევროპარლამენტის წევრებს გვინდა, გამოვხატოთ  ჩვენი დამოკიდებულება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას.

უკიდურესად შეშფოთებული ვართ “რუსთავი 2”-ის – ქვეყნის წამყვანი და ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი ტელევიზიის შესაძლო მითვისებისა და სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებით. ჩვენი აზრით, ეს საგრძნობლად შეზღუდავს პოლიტიკურ ასპარეზზე მოთამაშეთა რაოდენობასა და 2016 წლის საპარლამენტი არჩევნების სამართლიანობას საფრთხეს შეუქმნის.

ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ  ყოფილი ლიდერებისა და მმართველი პარტიის წევრების დაკავებით – მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, ყოფილი მინისტრებისა და ყოფილი მერის, ასევე სხვა ლიდერების.

შეშფოთებას გამოვთქვამთ ასევე  წინასწარი დაკავებისას ძალადობის არაერთი ფაქტის, პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის, პოლიტიკური ნიშნით მოსამართლეთა წინასწარი შერჩევისა და სისტემური უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტებზე.

ამასთანავე, შოკში ვართ, ოპოზიციის რეგიონულ ოფისებზე ბოლოდროინდელი თავდასხმებით, რაც პრემიერ-მინისტრის მიუღებელ განცხადებას მოჰყვა. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ დააკავონ და გაასამართლონ ამ ვანდალიზის მონაწილეები.

და ბოლოს, ვწუხვართ, რომ მმართველი კოალიციის ზოგიერთი წევრი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც იოსებ სტალინის რეაბილიტაციას ემსახურება – ისევე, როგორც ძეგლები, რომლებიც ხელახლა იდგმება ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. ვწუხვართ და ვთხოვთ მოქმედ კოალიციას, რომ მილიონობით უდანაშაულოდ გარდაცვლილთა ხსოვნის, მათ შორის ქართველების მიმართ, პატივისცემა გამოიჩინოს.

მოვუწოდებთ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და მის მმართველ კოალიციას, რომ გადახედონ ამ ნეგატიურ ტენდენციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებასა და საქართველოს ევროპულ გზას.

მოვუწოდებთ კომისიას და ევროპულ საგარეო საქმეთა სამსახურს, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად,თვალყური ადევნონ ამ საკითხებს,” – ნათქვამია ღია წერილში.

ღია წერილს  ევროპარლამენტის 13 წევრი აწერს ხელს.

იტვირთბა....