გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტო-კადრები დამონტაჟებულია. ინტერნეტ სივრცეში მოიპოვება აღნიშნული სატელიტის მიერ გადაღებული ანალოგიური ფოტო, რომელიც არა 2020 წლის ივლისში, არამედ 2019 წლის ნოემბერშია გადაღებული.
ცნობისათვის, 8 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში რამიშვილმა განაცხადა, რომ მან საკუთარი წყაროებით მოიპოვა სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალა, რაც ადასტურებს, რომ გაუჩინარების შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი მაწევანის ტყეში იმ ადგილას არ იმყოფებოდა, სადაც მოგვიანებით ცხედარი აღმოაჩინეს. მისივე თქმით, ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ადგილზე ცხედარი ავტომობილით მოგვიანებით მიიტანეს.
ამ განცხადების შემდეგ მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს და სატელიტთან დაკავშირებით თანამშრომლობა შესთავაზეს, თუმცა ადვოკატმა არ ისურვა იმ წყაროს დასახელება, რომელმაც სატელიტის ფოტოები მიაწოდა.
ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დრონით გადაღებულ ვიდეომასალას 7 სექტემბერს გაეცნო. როგორც ადვოკატმა განაცხადა, დრონის არცერთ ჩანაწერში ჩანს ის ადგილი, სადაც პროგრამისტის მანქანა იყო ნაპოვნი.რამიშვილის ინფორმაციით, ჩანაწერები არის გაკეთებული 19 ივლისიდან 21 ივლისამდე. სულ არის გაკეთებული 9 ჩანაწერი. გადაღებულია 62 სურათი. ყველაზე დიდი მასალა არის 21 წუთიანი.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.