“ხაჯიმბას გადაყენების საკითხი სახალხო მოძრაობის შეკრებაზე უნდა გადაწყდეს“
აფხაზეთში, თვითგამოცხადებული, ე.წ. ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პარტია “ამცახარა”, პრემიერისა და ვიცე პრემიერის პოსტების გაუქმებას და მათი პასუხისმგებლობების ე.წ. პრეზიდენტზე გადანაწილების მოთხოვნით, ფართომასშტაბიან გამოსვლებს აწყობს. – ამის შესახებ იტყობინებიან რუსული საინფორმაციო საშუალებები.
“ამცახარას” ინიციატივით, პრემიერისა და ვიცე-პრემიერის ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ, უნდა შეიქმნას ე.წ. “აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანი აპარატი”, რომელიც შეითავსებს მათ ფუნქციებს.
“ამცახარა” რამდენიმე დღის წინ, თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის წინააღმდეგაც გამოვიდა და მისი გადადგომა მოითხოვა. თუმცა, ხაჯიმბამ განაცხადა, რომ იგი გადადგომას არ აპირებს.
მოგვიანებით, “ამცახარას” ლიდერმა ალხაზ ქვიცინიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაყენების საკითხი ე.წ. სახალხო მოძრაობის შეკრებაზე უნდა გადაწყდეს.
როგორც რუსული სააგენტოები იტყობინებიან, აფხაზეთში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი ე.წ პარლამენტში უნდა ვეძებოთ, რომელიც ასე თუ ისე, ინარჩუნებს ძალას გავლენა იქონიოს შექმნილ სიტუაციაზე.