ირანი ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერების ბოლოდროინდელ დიპლომატიურ მცდელობებთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი – აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.
„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრის დროს არაღჩიმ აშშ „უსაფუძვლო მოთხოვნების წაყენებასა და წინააღმდეგობრივ ქმედებებში“ დაადანაშაულა, რამაც, მისივე თქმით, შეთანხმების პერსპექტივასთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინა.
მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა არაღჩის განუცხადა, რომ თეირანის მხრიდან პესიმიზმი გასაგებია იმ ფონზე, როდესაც ირანი მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს თავდასხმისა და აგრესიის სამიზნედ ორჯერ იქცა.

