მთავარი პოლიტიკა

„მე რუსების კომენტატორი არ ვარ”

თავდაცვის მინისტრი ირმა ინაშვილის წინააღმდეგ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ირმა ინაშვილის განცხადებას, რომ საგარეჯოს შუალედური არჩევნების ჩატარების პერიოდში მუხროვანში სამხედროების რაოდენობა  ხელოვნურად გაზარდეს გამოეხმაურა.

“მე არ ვარ რუსების კომენტატორი, ნამდვილად არ ვაპირებ ამაზე პასუხის გაცემას. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს რიგებში რიცხულ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი არიან რიცხული კონკრეტულ დისლოკაციებზე, რომელიც იდენტიფიცირებულია თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. ჩვენ უზრუნველვყავით საჯაროობა. თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ყველა საჯარო ხელმისაწვდომი დოკუმენტი, რომელიც მუხროვანის საარჩევნო უბანს ეხება. მესმის მისი. [ირმა ინაშვილის] წუხილიც, აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. როგორც ჩანს, ეშინია, რომ ავღანეთში მებრძოლი ბიჭები  ხმას არ მისცემენ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ რუსეთთან ერთად წარმოუდგენია საქართველოს მომავალი. ეს ჩემი პრობლემა არ არის და დიდი იმედი მაქვს, რომ არც ჩემი ქვეყნის პრობლემა არ გახდება არასოდეს”, – უთხრა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.

თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილი 2012 წლის ივნისში ბაჩო ახალაიას ბრძანებით გაუქმდა, ამიტომ არ მონაწილეობდნენ იქ დისლოცირებული ჯარისკაცები 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში.

ხიდაშელის თქმით, 2012 წლის 8 ოქტომბერს ბაზა კვლავ აღადგინეს და ახლაც  არსებობს. „2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს იყვნენ ავღანეთში და ვერ მიიღებდნენ  მონაწილეობას – ამბობს მინისტრი. – 2014 წლის იანვარში დაბრუნდნენ დისლოკაციის ადგილზე.  2014 წლის იანვარში ვიყავი მყარად დეპუტატი, არსად წასვლას არ ვგეგმვადი.  აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის არავითარი გეგმა იმ მომენტისათვის არ მქონია. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას აკვიატება აქვს, 500 ქართველ ჯარისკაცს ვერ წავართმევ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილში 2015 წლის 31 ოქტომბერს  ჩატარდება.

“თინა ხიდაშელმა რუსეთის აგენტები მოიკითხოს მისი ერთპროცენტიანი პარტიის რიგებში” მოგვიანებით, ასეთი კომენტარი გააკეთა ირმა ინაშვილმა.

იტვირთბა....