რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ორგანიზმში არავითარი მომწამვლელი ნივთიერების კვალი არ ყოფილა. ამის შესახებ ომსკის მთავარმა ტოქსიკოლოგმა ალექსანდრე საბაევიმ განაცხადა. მისი თქმით, მან შეამოწმა პაციენტის ფილტვები, ღვიძლი და თირკმელები და იქ არავითარი დაზიანებები არ ყოფილა.
საბაევის განცხადებით, ნავალნის ჰქონდა კვებისა და საჭმლის მონელების პრობლემები, რომელიც მისი აზრით დიეტას უკავშირდება და ის, როგორც ჩანს, იყენებდა რაღაც პრეპარატს, რომელიც წონის კლებასთან იყო კავშირში. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს რუსი ექიმი ნავალნის კომაში ჩავარდნას.
ცნობისათვის, გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს.