გოგი თოფაძეს სტალინი ციხის კადრების ნახვის შემდეგ გაახსენდა
“საქართველოში, მალე სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება, იმიტომ,რომ იგი იყო მე-20 საუკუნის გენიალური პიროვნება” – დეპუტატ გოგი თოფაძის ეს ფრაზა აქტუალური დღის თემა გახდა. “მეტრონომი” დაინტერესდა, თუ რატომ შერაცხა გოგი თოფაძემ სტალინი გმირად, რატომ უნდა ეკიდოს დიდი ბელადის პორტრეტი ყველა კაბინეტში და მითუმეტეს დღეს, როცა საქართველოში, დღის წესრიგში უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას. “მეტრონომი” თოფაძეს პირადად დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.
“მეტრონომი”: სტალინის ფოტო ყველა კაბინეტში უნდა ეკიდოს – თქვენმა ამ პოზიციამ დღეს, ააფეთქა სოციალური ქსელი. რატომ გაგახსენდათ ქვეყანაში ასეთი ციებ -ცხელების დროს სტალინი? რატომ გგონიათ, რომ უამრავი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული გმირია?
გოგი თოფაძე: სტალინი მსოფლიომ აღიარა, როგორც 20-საუკუნის ყველაზე გამოჩენილ მენეჯერად და პოლიტიკოსად. ყველამ იცის, რომ სტალინი ქართველია, ახლა ის რაც მოინდემეს აქ ზოგიერთმა ევროპელმა, აი, აი, აი… ევროპელი კოკიან გაღმელები ამბობენ, თითქოს, ფაშიზმი სტალინმა კი არა, ვიღაცა სხვამ დაამარცხა.
და კიდე ერთ მაგალითს მოგიყვანთ, “გლუხოი” თუ გახსოვთ თქვენს თაობას? რეგიონი იყო ასეთი. ახლა, ოლიმპიური თამაშები რომ ჩატარდა სოჭში, იმას ქვია Имеретинская долина. დღევანდელამდე იქ 200 ათასი ქართველი ცხოვრობდა და მუშაობდა. სტალინი როცა მოკვდა, ეს “გლუხოი” წაიღეს. მერე ხრუშოვმა 1956 წელს გადასცა ყაბარდო ბალკანეთს.
ვერც აფხაზეთის წართმევას გაგვიბედავდნენ, ვერც მეორე რეგიონის, სამხრეთ ოსეთის და ვიქნებოდით ერთიანი. ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. მაშინ სხვა პერიოდი იყო. მას დარღვევები ჰქონდა ადამიანის უფლებების დაცვაში, მაგრამ მიზანი ჰქონდა და შექმნა კიდეც უძლიერესი სახელმწიფო. მათ შორის ჩვენც ვიყავით. ამიტომ ქართველმა კაცმა უნდა იამაყოს სტალინით, ასე იცნობდნენ მსოფლიოში და ასეა მართლაც…
აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით, ჩვენი დელეგაცია ჩინეთში იყო ჩასული. როგორ დახვდნენ და როგორ მიიღეს, სტალინის ქვეყნიდან არიანო, ვერ გეტყვით, ეს უნდა გამჟღავნდეს. სტალინის გინება არ შეიძლება. სტალინს მინუსები ჰქონდა, მაგრამ მიზანი ჰქონდა და მიაღწია. იგი მე-20 საუკუნის უდიდესი პოლიტიკოსი იყო. ეს ყველამ აღიარა და იყო ქართველი.
“მეტრონომი”: ციხის კადრების შემდეგ, ხომ არ გაგახსენდათ სტალინი?
გოგი თოფაძე: ეგ ვთქვი ზუსტად გუშინ “მაესტროზე”. თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო, თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო სტალინზე, მეთქი. სტალინმა გაანათა მთელი მე-20 საუკუნე, თქვენ კი გუშინწინ გაანათეთ საქართველო.
ესაუბრა ნუკი მჭედლიშვილი