19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალი ხდება ცნობილი. კერძოდ, ფეხბურთელის წელის ჩანთაზე, შაქარაშვილის დნმ-ის გარდა, უცხო პირის დნმ-იც აღმოაჩინეს. ამ ეტაპზე უცნობია, ვის ეკუთვნის მეორე დნმ.
ადვოკატები აცხადებენ, რომ დნმ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან არც ერთ პირს არ ეკუთვნის.
,,ჩვენი ინფორმაციით, მასზე ამოვიდა შაქარაშვილის გენეტიკური პროფილი, ამოვიდა გარკვეული პირების დნმ, თუმცა არცერთი ბრალდებულის. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩანთა არის პოლიციელების დადებული”, – განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.
შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.