დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც დაღუპულის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ბაჩალიაშვილის მანქანის სალონში უკანა სავარძელზე თმა აღმოაჩინეს და ამის გარდა, გამოიკვეთა ახალი დეტალი – კერძოდ, ავტომობილის წინა მხარე დაზიანებულია, რომელიც თამარის გაუჩინარებამდე, მანქანას მამის ინფორმაციით, არ ჰქონია.
„იყო ერთი საინტერესო რამ: ამ სიცხეში, ივლისის თვეში, გადაადგილებისას კონდიციონერი იყო გამორთული, დაკეტილი იყო ოთხივე ფანჯარა. ეს უფრო მეტ ეჭვს ბადებს, რომ ეს ავტომობილი თავისით არ ახორციელებდა გადაადგილებას, ეს იყო გაჩერებული ავტომობილი, გამორთული იყო ყველაფერი და ფანჯრებიც იყო დაკეტილი. აღმოვაჩინეთ, რომ გვერდითა მჯდომი მგზავრის მხარე გარეთა მხრიდან იყო დაზიანებული, რომელზეც მამამ თქვა, რომ ეს გამორიცხული იყო და წინა დღეებშიც არ ყოფილა დაზიანებული.
„ბუქსირის“გამოყენება ვერ დადასტურდა იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული პერიოდი არის გასული და ზუსტი პასუხი ექსპერტიზამ ვერ გაგვცა. უკანა მხარეს აღმოვაჩინეთ თმა, სადაც ცხედარი იყო აღმოჩენილი. ეს თმა ამოვიღეთ და დაილუქა.” – ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.