ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბურჯანაძე-ინაშვილის პოზიცია ოკუპანტის მომხრეობაა, ხან ერთი დადის კოსაჩოვთან, ხან მეორე ” – თაკო ჩარკვიანი

“მიკვირს, დღეს დაინახეს „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია, ამდენი ხანია ბურჯანაძე-ინაშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ოკუპანტის მომხრეობა, ხან ერთი დადის კოსაჩოვთან, ხან- მეორე”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თაკო ჩარკვიანმა  განაცხადა.

როგორც ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთთან დიალოგის უფლება აქვს მხოლოდ დასავლეთის მომხრე ვექტორის ხელისუფლებას, რომელსაც ხალხმა ლეგიტიმური მანდატი მისცა.

„წარმოუდგენელი ამბავია ეს, მაგრამ არ მიკვირს. თქვენ იცით ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ოპოზოციაშიც კი იმიტომ წავედი 2012 წელს, სადღაც 3-4 თვეში, რომ ეჭვი შევიტანე კურსი იცვლებოდა ქვეყნისა. ამიტომ რა კომენტარი სჭირდება ამას. ის მიკვირს, დღეს დაინახეს „პატრიოტთა ალიანსის“ ეს პოზიცია, ამდენი ხანია ბურჯანაძე-ინაშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ოკუპანტის მომხრეობა, ხან ერთი დადის კოსაჩოვთან, ხან- მეორე. იცით, რაშია საქმე? გვეკითხებიან ხოლმე, აბა, დიალოგი არ უნდა იყოს რუსეთთან, ოკუპანტთან?

ბატონებო, დიალოგის უფლება აქვს მხოლოდ დასავლეთის მომხრე ვექტორის ხელისუფლებას, რომელსაც ლეგიტიმური მანდატი მისცა ხალხმა და არა ერთ და ორპროცენტიან პარტიებს, რომლებიც ყურში რაღაცებს ელაპარაკებიან ხან პუტინს, ხან კოსაჩოვს, ხან ვის, კაცმა არ იცის. როდესაც მოვა დასავლეთზე ორიენტირებული ხელისუფლება, საერთაშორისო ფორმატებით, შეგვიძლია ყველას ვესაუბროთ და დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები უკვე აღმშენებლობის გზით. მხოლოდ განვითარებულ, ძლიერ ქვეყანას შეუძლია დაიბრუნოს ტერიტორიები, არა მაჩანჩალა ქვეყანას, სადაც ხალხს უჭირს და ლუკმაპურისთვის იბრძვის“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, აჭარაში, “პატრიოტთა ალიანსმა“ განათავსა საარჩევნო ბანერი, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

ფაქტთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ 2 ლოკაციაზე განთავსებული პარტიის სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა და სამართლდარღევის ოქმი შეადგინა.

იტვირთბა....