“ხვალ დღის 2 საათზე ვაპირებ აქციას მთავარ პროკურატურასთან, ორთაჭალის შენობასთან”, – ამის შესახებ განცხადებას გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აკეთებს.
თამაზაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, მისი ტკივილი გულთან ახლოს მიიტანონ.
“მოვუწოდებ ისეთ ადამიანებს, ვინც ჩემი გულისტკივილი გულთან ახლოს მიიტანეს, ვინც მწერენ, რომ არიან ჩემი გულშემატკივრები, გთხოვთ მობრძანდეთ, დამიდექით გვერდით”, – აცხადებს თეონა თამაზაშვილი.
ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის დედა იმ მოთხოვნებზე საუბრობს, რომლებიც გამოძებასთან დაკავშირებით ოჯახს აქვს.
“ვითხოვ, რომ მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს და ამის საფუძველზე დადონ სატელიტების ჩანაწერები “ეფბიაიდან”, სადაც იქნება ჩანაწერები, რომ ის მანქანა იქ არ დგას – ამით მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება, შესაბამისად, მოუწევთ მკვლელების პოვნა და მათი დასჯა, ამიტომ ითრევენ ფეხს, არ უნდათ დასახელება. რა გახდა 45 დღის მანძილზე სატელიტების ჩანწერების მოპოვება, იდგა თუ არა ის მანქანა იქ”, – აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, უახლოეს დღეებში ბაჩალიაშვილის ავტომობილს კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ასევე, საგამოძიებო უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი – თემურ ჭანუყვაძე გამოკითხა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.
ბაჩალიაშვილისა და ჭანუყვაძის ურთიერთობას დაღუპულის დედაც, თეონა თამაზაშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ თემურ ჭანუყვაძის ჩვენებას გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.