ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დღეს ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ გამოკითხა ჩემი თანამესაკნე, რომელსაც თურმე მოვუყევი როგორ მოხდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა” – ნიკა რევაზიშვილი

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ნიკა რევაზიშვილმა ციხიდან “რუსთავი 2-ს” კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა.

როგორც რევაზიშვილი წერილში აღნიშნავს, მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს აძლევენ. მისივე თქმით, საქმეში გაჩნდა მისი თანამესაკნის, კობა ჩიტიძის ჩვენება, რომლის მტკიცებითაც, რევაზიშვილმა მას გული გადაუშალა და შაქარაშვილის მკვლელობა აღიარა, ხოლო 50 000 ლარის სანაცვლოდ, მკვლელობის თავის თავზე აღება შესთავაზა.

“უკვე 8 თვეა ვიმყოფები პროკურატურის ტყვეობაში. მედავებიან გურამ ამირხანაშვილის თავისუფლების აღკვეთას, თუმცა თავისუფლება არავისთვის აღმიკვეთავს.

მედავებიან ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას, მაშინ, როცა გიორგი შაქარაშვილი არასოდეს მინახავს.

როცა გამოძიება დაიწყო, მაშინვე მივედი მცხეთაში გამომძიებლებთან და მოვუყევი, რაც ვიცოდი. პირდად მივუტანე გამოძიებელს 19 ივნისს ნაცვამი გაურეცხავი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, გადავეცი ჩემი მობილური ტელეფონი, ჩავაბარე გენეტიკური ანალიზი, ჩემი სურვილით მონაწილეობა მივიღე ამოცნობაში. გამომძიებელს გადავეცი ჩემი ტელეფონის გამხსნელი პაროლი, რომ ყველაფერი ენახათ, რაც ტელეფონში მქონდა, იმის ღრმა რწმენით, რომ სიმართლე დადგინდებოდა.

როცა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალი დამდეს და დამაბრალეს, თითქოს გზა მოვუჭერი შაქარაშვილს და ხევში ჩავედი, იმედი მქონდა, ექსპერტები გუგლის სისტემიდან ამოიღებდნენ არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემი ფეხით გადაადგილების მარშრუტს და სიმართლე გაირკვეოდა, თუმცა, აღნიშნული ინფრომაცია გამოძიებამ წაშალა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ გამოძიება და მართლმსაჯულება სიმართლის დადგენით კი არ არის დაკავებული, არამედ ფაქტების გაყალბებით, მას შემდეგ რაც გამოძიებამ წამიშალა თავის მართლების ფაქტობრივად ერთადერთ მტკიცებულება, მივხვდი, რომ ამ ბინძური სისტემის წინააღმდეგ ნებისმიერი ადამიანი უძლურია.

მეგონა, რომ სისტემა ამაზე მეტს ვერაფერს დამიშავებდა, თუმცა ვცდებოდი, როცა ამოცნობის მიზნით ციხიდან შსს-ში გადამიყვანეს. იქ არ დარჩენილა თანამდებობის პირი, რომელიც არ გამესაუბრა და კითხვები არ დამისვა. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში, თუმცა მეუბნებოდნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. ამ სიტყვების წარმოთქმისას ყველა მაღლა იხედებოდა.

წარმოგიდგენიათ? როცა ის, ვინც მკვლელობას საჯაროდა გაბრალებს, არაფორმალურ ვითარებაში გიდასტურებს, რომ უდანაშაულო ხარ. არგუმენტი – სხვა გზა არ აქვთ.

დღეს, 2020 წლის 20 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ გამოკითხა ჩემი თანამესაკნე, კობა ჩიტიძე, რომელსაც თურმე არჩადენილი დანაშაულის შესახებ აღსარება ჩავბარე და მოვუყევი, თუ როგორ მოხდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა.

აგრეთვე, თურმე 50 000 ლარის სანაცვლოდ კობა ჩიტაძეს შევთავაზე მის თავზე აეღო გიორგის მკვლელობა. არ მგონია ჩვენებაში მითითებული გარემოებები რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანმა დაიჯეროს, თუმცა, მთელმა საზოგადოებამ მინდა გაიგოს, თუ სადამდე მიდის ამ სისტემის ფანტაზიები. ახლა ვხვდები სისტემამ რატომ აუკრძალა საზოგადოებას საქმეში ჩახედვა. იმიტომ, რომ არ ენახა კობა ჩიტიძე, რომელიც თავისუფლების სანაცვლოდ ეშმაკთან, ანუ ჩვენს სამართლადამცავ სისტემასთან დებს გარიგებას.

მინდა მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩემს სიკვდილით დასჯად ითხოვს არჩადენილი დანაშაულისთვის, და გისურვოთ, არასოდეს აღმოჩნდეთ ამ სადამსჯელო მანქანის მძევალი.

და ბოლოს, მინდა მივმართო კობა ჩიტიძეს, ტყუილებით თავისუფალი ვერასოდეს გახდები.

პატივისცემით, სისტემის მძევალი

ნიკოლოზ რევაზიშვილი” – წერია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

იტვირთბა....