პარლამენტს ცესკო-მ დავით საგანელიძის შემცვლელის კანდიდატურა წარუდგინა – საგანელიძეს პარლამენტში ვლადიმერ აჩბა შეცვლის.
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ცესკო-დან საგანელიძის შემცვლელის თაობაზე დოკუმენტაცია უკვე შევიდა.
უსუფაშვილის თქმით, ვლადიმერ აჩბა თანახმაა პარლამენტის წევრის ადგილი დაიკავოს.
“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში საგანელიძის შემცვლელი ედიშერ თოლორაია უნდა ყოფილიყო, თუმცა იმის გამო, რომ თოლორაია ამჟამად ზუგდიდის გამგებელია, პარლამენტს უფლებამოსილების ცნობის მიზნით შემდგომი კანდიდატურა – ვლადიმერ აჩბა წარედგინა.
„მეტრონომ.ჯი“ შეეცადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შემცვლელის კანდიდატურაზე მცირე ინფორმაცია მაინც მოეპოვებინა, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩვენ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურს, გრეტა წიწავას დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ვერც მან გაგვცა, რადგან მისი თქმით, ეს ინფორმაცია თავადაც არ აქვს.