დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე დაიბარეს. დოლიძის დაბარება საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც კანდიდატს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც დოლიძემ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არის მცდელობა, არ მოხდეს ოპოზიციური ჯგუფების შეხვედრა ამომრჩეველთან.
“ეს ინციდენტი მაგალითია იმის, რორ ჰყავთ მობილიზებული ადამიანები, რას არიან შეპირებულები, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ეს არის მცდელობა, არ მოხდეს ოპოზიციური ჯგუფების შეხვედრა ხალხთან. მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო, მოვარდა მუქარით, გინებით და საშინელი შეურაცხყოფით თავს დაგვესხა”- განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, საქმე ეხება 13 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს, როდესაც, ანა დოლიძის ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მას ძალადობით დაემუქრნენ. როგორც დოლიძე აღნიშნავს, მას აგრესიული ჯგუფები ეუბნებოდნენ, რომ ხალხთან შეხვედრის უფლებას არ მისცემდნენ.