19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა, საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, ბრეგვაძის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შეშლის მიზნით, დაზარალებულის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
,,ველოდებოდით მოწმეების მიწოდებულ ინფორმაციას. გუშინ იყო დასკვნითი ეტაპი, როდესაც მოწმეებმა დაიწყეს საზოგადოებაში გამოვლინება და დადასტურება იმისა, რომ ისინი აძლევენ ცრუ ჩვენებებს გამოკითხვის ოქმებში. ცალხასად დადასტურდა, რომ იაკობ ბრეგვაძის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, მართლმსაჯულების აღრულებაში ხელის შეშლის მიზნით, დაზარალებულის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდება. ეს დადასტურდა არაერთხელ.
ბრეგვაძემ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილით მოვიდა სამი პირი და იძალადა 2 პირზე. ეს ინფორმაცია საგამოძიებო ექსპერიმენტისას ფაქტობრივად უარყო, შესაბამისად, თავადვე დაადასტურა არასწორად მიცემული ინფორმაცია. არასწორი იყო ისიც, თითქოს მან დაინახა და იდენტიფიკაცია შეძლო ხიდზე არსებული პირებისა, საგამოძიებო ექსპერიმენტისგან მიწოდებული ინფორმაცია საჯაროდ უარყო და 3 პირის ნაცვლად უკვე 5 პირზე საუბრობს. ფაქტობრივად, ბრეგვაძე სრულიად სხვაგვარად წარმოაჩენს გარემოებებს. ეს არის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა და თუ არსებობს კანონი და კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისად პასუხი უნდა აგოს,” – აღნიშნა ვასილ მამულაშვილმა.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.