თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის და აცხადებს, რომ ბავშვი მამის აგრესიას ბიძასთან ემალებოდა. მისივე თქმით, მამა ცოლს ფულის გამოგზავნას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდის მოკვლით ემუქრებოდა. როგორც ნათია აბჟანდაძე იხსენებს, მას შემდეგ რაც დედამ უარი უთხრა ფულის გაგზავნაზე მამას, მან ორივეს განუცხადა, რომ ბავშვის ხმას ვეღარ გაიგებდნენ. ამის შესახებ მან TV პირველთან ისაუბრა.
“ჩემმა ძმამ დაგვირეკა, მამაჩემი ჩხუბობს და ყვირის, თუ რამე მოხდა პოლიციას გამოუძახეთო. დედაჩემთან დაარეკინა, ფული გამომიგზავნოსო. მერე დაგვირეკა ძმამ, რომ სახლში მივიდოდა და თუ მამაჩემი კიდევ დაიწყებდა ჩხუბს, დაგვირეკავდა და გვეტყოდა. დაგვირეკა ცოტა ხანში და გვითხრა, ახლა დავიძინებ და მერე დაგირეკავთო.
დილით, გადაურეკია მამიდაჩემს სახლში, მამაჩემს გაუხსნია მობილური, უთქვამს ყველაფერი კარგად არისო, ჩემი ძმაც დალაპარაკებია. მამიდამ გადმომირეკა და მითხრა კარგად არის შენი ძმა, არაფერზე ინერვიულოო. ჩემმა ძმამ გადმოგვირეკა მერე, დედა მამას ფულს ხომ გამოუგზავნიო იკითხა. დედაჩემმა უთხრა, მაგას არაფერს არ გამოვუგზავნი, ღირსი არ არისო. მამაჩემმა მოგვაძახა, ვერც შენ და ვერც დედაშენი, შენი ძმის ხმას აწი ვეღარ გაიგონებთო.
მერე დეიდაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ძმა გაქცეულია და მამაჩემი ბებიაჩემს ეჩხუბებოდა. აქ საბერძნეთში მითხრეს რომ აქედან გამომეძახებინა პოლიცია. საბოლოოდ, პოლიცია რომ მოვიდა, ჩემი ძმა უკვე მკვდარი იყო. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ასე გამოდის, რომ აიძულა თავის მოკვლა, ან შეასრულა, როგორც დაგვემუქრა – ვეღარ გაიგებთ ხმასო და თავად მოკლა,” – ჰყვება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის და.
ცნობისთვის, პროკურატურამ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ფ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა.