ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“8 მლნ, ალბათ, იმიტომ გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი არის 8” – ინაშვილი “დოსიეს” საგამოძიებო სტატიას ეხმაურება

პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი რუსული საინფორმაციო სააგენტო “დოსიეს” საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, სადაც თვითონ და მისი თანაპარტიელი დავით თარხან მოურავი კრემლის რჩეულებად არიან დასახელებულნი. “დოსიეს” ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ პატრიოტთა ალიანსის პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს.

ირმა ინაშვილის განცხადებით,  არ შეიძლება ამ სააგენტოს მიერ გამოტანილი დასკვნები ფაქტად განიხილებოდეს. მისივე მტკიცებით, პარტია რუსეთიდან დაფინანსებას არ იღებს. ინაშვილის თქმით, რუსი ბიზნესმენის, მიხეილ ხადარკოვსკის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია “დოსიეს” საგამოძიებო მასალაში 8-მილიონიანი დაფინანსება იმიტომ ახსენეს, რომ მისი პარტიის საარჩევნო ნომერი არის 8.  როგორც პარტიის ლიდერმა თქვა, მათი პარტია საარჩევნოდ “ოთხ ამერიკულ, ორ ებრაულ და მხოლოდ ერთ რუსულ” საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს. ამის შესახებ ინაშვილმა საგანგებო ბრიგინგზე განაცხადა.

“საუბარია ე.წ. სააგენტო “დოსიეზე“. მე, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რა სააგენტოა. პრინციპში, ასეთი ტიპის სააგენტო ასობით ფუნქციონირებს რუსეთში. არანაირად არ შეიძლება, რომ ამ სააგენტოს მიერ გამოტანილი დასკვნები ან რაიმე ტიპის ე.წ. ინფორმაცია განიხილებოდეს ფაქტად. მხოლოდ ერთია რუსული კომპანია, რომელიც ჩვენ გვიწევს კონსულტაციას. 4 ამერიკული კომპანია, 2 ებრაული და მხოლოდ ერთი რუსული კომპანია. ჩვენ ველოდით ასეთ თავდასხმას და ნამდვილად არ არის ეს მოულოდნელობა ჩვენთვის” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

რუსული მედია წერს, რომ კრემლმა სერგეი მიხეევი დაიქირავა იმისათვის, რომ ირმა ინაშვილის საარჩევნო პიარკამპანიას გაუძღვეს. როგორც ცნობილია სერგეი მიხეევი კავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში პრორუსული ძალების დასახმარებლად.

 

იტვირთბა....