ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“ეს მხოლოდ ლამაზი და უშინაარსო სიტყვებია” – არეშიძე სტავრიდისის განცხადებას ნატოში გაწევრიანებაზე სკეპტიკურად უყურებს

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე “მეტრონომთან” ნატოში საქართველოს გაწევრიანების შანსებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანას ალიანსში გაწევრიანების ძალიან დაბალი ალბათობა აქვს. აღნიშნულით არეშიძე ნატოს ყოფილი მთავარსარდლის, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისის განცხადებას ეხმაურება.

როგორც არეშიძე ამბობს, რუსეთი თავის გავლენებს გამოიყენებს, რომ კავკასიის რეგიონის ქვეყნებმა ალიანსში გაწევრიანება ვერ შეძლონ.

“ამ ტიპის განცხადება, რომ ნატოში საქართველოს მიღება შესაძლებელია ოკუპირებული ტერიტორიებს გარეშე, ახალი არაა. რუსეთს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფლობა მარტო იმიტომ კი არ უნდა, რომ მართლა აინტერესებს მათი ბედი, არამედ იმიტომ, რომ მას სჭირდება ფონი იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიის არცერთმა ქვეყანამ არ შეძლოს ნატოს წევრობა და ეს პრაქტიკულად ბლოკავს ქვეყნების ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილს,” – აცხადებს არეშიძე.

არეშიძის მოსაზრებით, “რაც არ უნდა ილაპარაკონ დასავლეთის ჩინოვნიკებმა, სამწუხაროდ ეს რეალობაა, რადგან რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ უახლოეს მომავალში ნატოში საქართველოს გაწევრიანება ვერ შედგეს.”

“დღეს რუსეთს აქვს ძალა, წინააღმდეგობა გაუწიოს. რუსეტი უნდა აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშივ იყო 1990-ში, იმისათვის, რომ მან საქართველოს ნატოში გაწევრიანება “გაატაროს.” სხვა შემთხვევაში ნატოს სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება და ეს შესაძლოა, ძალიან ცუდად დამთავრდეს,”- აცხადებს ექსპერტი.

კითხვაზე, რას მოუტანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს მე-5 პუნქტის არგავრცელება, რაც  წევრი ქვეყნის დასახმარებლად შეიარაღებულ მოქმედებებს გულისხმობს, არეშიძის შეფასებით, ამ პირობით ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრიც კი დიდი ხნით გახანგრძლივდება.

“რას მოუტანს და ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნებაზე ფიქრი სამუდამოდ დავიწყება თუ არა, კარგა ხნით გადადება უნდა მოხდეს. კონფლიქტი ისედაც გაყინულია, მაგრამ ამ თემას ძველი კლიშეებით ვუდგებით. დღეს რეალობა შეცვლილია, ორივე რეგიონში ახალი თაობები მოვიდნენ, რომლებიც საქართველოს, პრაქტიკულად, არც კი იცნობენ და მხოლოდ მტრად აღიქვამენ. ჩვენ კი არანაირ ნაბიჯს არ ვდგამთ, რომ ამ ახალგაზრდებზე გვქონდეს ზემოქმედება და მათ რაღაცნაირად თვალი ავუხილოთ. ლაპარაკი იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, ეს ლამაზი სიტყვებია, მაგრამ უშიაარსო. არავის უნდა, აუტკივარი თავი აიტკიოს, რადგან იციან რუსეთის სიძლიერე,”- აცხადებს არეშიძე.

ექსპერტის თქმით, მსგავსი გზავნილი ნატოს უფრო მაღალი დონის წარმომადგენლებისგანაც მოგვისმენია, მაგრამ შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.

“მსგავსი გზავნილი ნატოს უფრო მაღალი დონის წარმომადგენლებისგანაც მოგვისმენია, მერე რა?! ყველა ელოდება მოხერხებულ დროს და ეს დრო მაშინ დდაგება, როცა რუსეთის მდგომარეობა იქნება მძიმე. ახლა მისი მდგომარეპბა ასეთი არაა და უახლოეს მომავალში, როგორ ჩანს, არც იქნება.

თუ დასავლეთისგან ქმედითი ნაბიჯები არ იქნება, ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერპექტია არ იარსებებს. ტრანსნაციონალური კომპანიენის ნაწილი ცდილობს, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აწარმოონ. ეს კომპანიები, რომლებიც თავიაანთ ქვეყნებში პოლიტიკურ ამინდს ქმნიან,  ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, არ აინტერესებთ,”- აცხადებს მამუკა არეშიძე.

არეშიძის თქმით, მსგავსი უმსხვილესი კომპანიები მხოლოდ საკუთარ ფინანსურ მოგებაზე არიან ორიენტირებულები, ამიტომ “საქართველო ყოველთვის ხურდის მდგომარეობაშია.” ექსპერტის თქმით, ნატო თითქოს მზადაა, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეც მიიღოს, მაგრამ ამის პერსპექტივას სიტყვების იქეთ ვერ ხედავს.

ცნობისთვის, ნატოს ყოფილი მთავარსარდალი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს ალიასში გაწევრიანება რეალური გახდება, თუ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მისი მოქმედების ბაზისი არ იქნება.

თათია შაიშმელაშვილი

 

იტვირთბა....