ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დაკითხვის შემდეგ, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამას პოლიცია დაედევნა და დნმ-ის ჩაბარება მოსთხოვა – “მთავარი არხი”

“მთავარი არხის” ინფორმაციით, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამას საპატრულო და კრიმინალური პოლიციიის მანქანები იმ დროს დაედევნენ, როცა ის “მთავარის” ავტომობილით გადაადგილდებოდა. მათივე ცნობით, თამაზ ხომასურიძემ ფულის არქონის გამო, თბილისში წამოყვანა “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავად სთხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოდან, დაკითხვის შემდეგ გამოსული თამაზ ხომასურიძე საპატრულო ეკიპაჟმა, თბილისის შემოსასვლელთან გააჩერა. შემდეგ კი მასთან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დნმ-ს ჩაბარება მოსთხოვეს, რაზეც ხომასურიძემ უარი თქვა.

ხომასურიძე მის მიერ, სატელევიზო ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. გამოკითხვიდან გამოსულმა ხომასურიძემ  პროკურატურას მიმართა,  მირიან ნიკოლაძე და გური ამირხანაშვილი დაიცვან, ადგან მათ საფრთხე ემუქრებათ.

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამამ “ტვ პირველი” ეთერში განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება მირიან ნიკოლაძის ლიკვიდაცია.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამამ პროკურატურასთან შიმშილობა 4 დღის წინ დაიწყო. თამაზ ხომასურიძე, შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 21 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, პროცესი შეჩერდა, ვინაიდან დაკავებული ზ.ხ. შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

იტვირთბა....