საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება. პრეზიდენტის მრჩევლის პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს დღესაც გააგრძელებს.
“მზად ვართ, ასეთი შეხვედრები გავმართოთ, რომ მუდმივად გავზარდოთ სივრცე, სადაც დიალოგის შესაძლებლობა არსებობს. დიალოგი არის ამ შემთხვევაში ერთადერთი წამალი, რომელიც ქვეყანას სწორ გზაზე წაიყვანს და არა დაპირისპირების გზით, რომელიც შეიძლება ვიღაცეების ინტერესებში იყოს მართლა. ყველა მხარეს შესაძლოა რაღაც ამ ტიპის ინტერესები ამოძრავებდეს. ქვეყნის გარედანაც შეიძლება იყოს ასეთი ინტერესები, მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული კონსულტაციების გამართვა ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე გადაწყვიტა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები შექმნა.