ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რევოლუციები ძალიან სახიფათო რამეა. ძველი ხელისუფლების გადაყენება მასობრივი ძალადობის მხოლოდ დასაწყისია” – გია ნოდია

ანალიტიკოსი გია ნოდია რევოლუციის მნიშვნელობასა და მასთან არსებულ საფრთხეებზე საუბრობს. მისი თქმით, რევოლუცია სახიფათოა და ძველი ხელისუფლების გადაყენება მასობრივი ძალადობის მხოლოდ დასაწყისს წარმოადგენს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“მეტრონომი” გია ნოდიას “ფეისბუქპოსტს” უცლველად გთავაზობთ:

რევოლუციები ძალიან, ძალიან სახიფათო რამეა. მათ იშვიათად მოყვება დემოკრატია. ტრადიციული, სისხლიანი რევოლუციები პოლიტიკური ძალადობის ლეგიტიმაციას ახდენს და მერე ძნელი ხდება ნორმალურ პოლიტიკაზე გადასვლა. როგორც ისტორიიდან ვიცით, საერთო მტრების ხოცვაზე ნავარჯიშევი რევოლუციონერები, წარმატების შემთხვევაში, ასეთივე შეურიგებლობით ერთმანეთს ეძგერებიან ხოლმე (კლასიკური მაგალითი: საფრანგეთის რევოლუცია, რომლიც სქემა მერე რუსმა ბოლშევიკებმა, ირანალებმა ისლამისტებმა და სხვებმა გამოიყენეს).
ე.წ. „ხავერდოვანი რევოლუციები“ გაცილებით ნაკლებ სახიფათოა და წარმატების გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი აქვთ. თუმცა, ხანდახან მანაც შეიძლება მოიტანოს ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალი დონე, რაც დიდხანს არ უტოვებს სიცრცეს მეტ-ნაკლებად ძლიერ ოპოზიციას (მაგალითი – საქართველო 2004-7 წლებში, ნაწილობრივ – 2011 წლამდე).
რა ჯობია ნაზ და ნარნარ გადასვლას ავტორიტარიზმიდან დემოკრატიაზე! მაგრამ ასეთი რამეები თითქმის არ ხდება. ასეთ გადასვლას სჭირდება ბრძენი ავტორიტარული მმართველი, რომელიც, რაღაც ეტაპზე, თავად გამოვა რეალური დემოკრატიზაციის ინიციატივით. კარგია, მაგრამ სადაა ეგრე?
ამიტომ უნდა ვეცადოთ და განვასხვავოთ (შედარებით) „კარგი“ და ცუდი“ რევოლუციები. ჩემთვის კარგი რევოლუციების მოდელებია ინგლისის დიადი (glorious) რევოლუცია, ამერიკის რევოლუცია, ფერადი რევოლუციების უმრავლესობა (მათ შორის ჩვენი „ვარდების რევოლუცია“). ცუდი რევოლუციები იყო საფრანგეთის, რუსეთის (ბოლშევიკური, თორემ თებერვლისას თავიდან არა უშავდა), ირანის. ინგლისის პირველი რევოლუცია („სამოქალაქო ომად“ ცნობილი) მეორეზე უარესი იყო, თუმცა არც მთლად ისეთი ცუდი, როგორც ჩამოთვლილი მოდელები.
რა არის კრიტერიუმი? ცხადია, მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი და ისიც, რამდენად დიდია ძალადობის ელემენტი. მაგრამ ძირეული ფაქტორი სხვა მგონია. „კარგი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელია ის, რომ პროტესტის მოტივი არის უკვე არსებული კონსტიტუციის დაცვა (არ არის გადამწყვეტი, დაწერილის თუ დაუწერელის): მოპროტესტე ხალხი ხელისუფლებას ბრალს დებს იმაში, რომ მან დამკვიდრებული და/ან მისივე აღიარებული წესები დაარღვია და ამ წესების დარღვევისთვის ცდილობს მის დასჯას. ამბოხებული ხალხი არ ცდილობს ყველაფრის ნოლიდან დაწყებას და პრინციპულად ახალი სინამდვილის შექმნას. ცხადია, „კარგი“ რევოლუციებიც უფრო შორს მიდიან, ვიდრე უკვე აღიარებული წესების დაცვაა. მაგრამ მათთვის დამახასიათებელია, რომ რევოლუციის შემდეგ მასობრივი ძალადობა არ ხდება. (ჯერჯერობით, ბელარუსის მოვლენები, რისი შედეგიც ჯერ არ ვიცით, ამ სცენარით მიდის).
ამისგან გამსხვავებით, „ცუდი“ რევოლუციები ხელმძღვანელობენ ინტელექტუალების თავებში შობილი აბსტრაქტული იდეებით, სრულიად ახალი, მანამდე არასოდეს არსებული წესრიგის დამყარების პათოსით. მათ წარსული მთლიანად უნდა უარყონ და ნოლიდან დაიწყონ. ამიტომ, ძველი ხელისუფლების გადაყენება მასობრივი ძალადობის მხოლოდ დასაწყისია.
მეტს აღარ გავაგრძელებ, თორემ სტატია გამოვა” – წერს გია ნოდია.
იტვირთბა....